მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად ლანჩხუთის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას დასტური მისცა. სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად საკითხის მომხსენებლად მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი იყო წარმოდგენილი.
სარიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც საკრებულომ შენიშვნების დართვით ბიუჯეტის პროექტი მერიას დაუბრუნა, შესწორებული სახით პროექტი 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოში გადმოინაცვლებს განსახილველად.
მერის მოხსენების შემდეგ ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე დაინტერესდა იმ 40 ათასი ლარის ბედით, რომელიც მუნიციპალიტეტის პროგრამით ხორციელდება რელიგიის მხარდაჭერისთვის.
„მაპატიეთ, ძალიან სენსიტიურ თემას უნდა შევეხო და შეიძლება ამის გამო ჩემი მისამართით აგრესიაც წამოვიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ.
ჩვენ გვაქვს ბავშვთა ტრანსპორტირების პროგრამა, რომლიდანაც სასულიერო გიმნაზიას 7500 ლარით ვეხმარებით, რაც ძალიან კარგია, თუმცა მაინტერესებს იმ 40 ათასი ლარის მიზნობრიობა, რომლითაც ჩვენ რელიგიის დახმარებისთვის გამოვყოფთ ყოველწლიურად ბიუჯეტიდან. გასულ წელსაც დავსვი ეს შეკითხვა, თუმცა მერე ნელ-ნელა დავიწყებას მივეცით. თუ ამ თანხას მთლიანად ვერ ამოვიღებთ, გავანახევროთ მაინც და ის თანხა სხვა პროგრამებს მოვახმაროთ. თუნდაც სოციალურ პროგრამებს. მართალია პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა კი გვაქვს წარმოჩენილი, თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. ის მაინც ვიცოდეთ ჩვენი ისედაც ღარიბი ბიუჯეტიდან რას ხმარდება ეს თანხა, ვერავისგან მივიღე ამაზე პასუხი. მაგალითად, ჩემს სოფელში ტაძარი შენდება და ერთი ლარიც კი არ აქვს ამ ფონდიდან მიღებული. დეპუტატებს კომისიებში გვქონდა ამ თემაზე საუბარი და ვიცი ბევრი ჩემნაირად ფიქრობს“, _ აღნიშნა ელისო ჭიჭინაძემ.
ლესის მაჟორიტარის მსგავსდ აღნიშნულ თემაზე ყურადღება გვიმბალაურის მაჟორიტარმა ციცო ურუშაძემაც გაამახვილა- „კარგი იქნება გავარკვიოთ ეს საკითხი. მეორე წელია ამ თემას ვაჟღერებ. მე წინააღმდეგი კი არ ვარ თანხის გადარიცხვის, უბრალოდ დეპუტატებმა უნდა ვიცოდეთ სად მიდის და ამ თანხის რა ნაწილი ხმარდება ჩვენს მუნიციპალიტეტს. პირადად მე აგარაკის ტაძრის მრევლი ვარ, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. გამოდის რომ ერთი თეთრიც არ მოდის იმ ტაძრამდე. დარწმუნებული ვარ სხვაგანაც ანალოგიური მდგომარეობა იქნება. გავარკვიოთ რას ხმარდება ეს ჩვენი 40 ათასი ლარი, იქნებ იმდენ რამეს ხმარდება, რომ სულაც არაა საკმარისი და მეტია საჭირო“.
მერის განმარტებით, ამ თანხის გადარიცხვა საჭიროებისამებრ ეპარქიიდან მომართვის საფუძველზე ხდება ეტაპობრივად, თუმცა, კონკრეტულად რა საჭიროებებისთვის მოიხმარს ეპარქია ამ თანხას, მისთვის უცნობია.