მედიით გავრცელებულ ინფორმაციას და სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი განცხადებით ეხმიანება.
„დღეს სატელევიზიო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ბატონ ზურაბ წერეთელთან დაკავშირებით. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უარვყოფთ ამ ინფორმაციას და არ ვადასტურებთ მის სიმართლეს, რადგან ბატონ ზურაბ წერეთელს არ აქვს არანაირი კავშირი კომპანია სვეტის დირექტორის გივი ჯიბლაძის გამტაცებლებთან და მათ კომპანიასთან. ასევე, უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ბატონ ზურაბს გააჩნია მიწები ბაკურიანში, არ აქვს და არასდროს არ ჰქონია მიწები ბაკურიანში (რეესტრში შეიძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება), და უარვყოფთ ასევე იმ ფაქტს რომ მას რაიმე კავშირი აქვს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე თავის გატაცებას ზურაბ წერეთლის კომპანია „მშენებელი სამის“ ინტერესებს უკავშირებს – ამის შესახებ ჯიბლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯიბლაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ „სვეტს“ ბაკურიანში მიწა გადასცა, სადაც შენობა უნდა აგებულიყო. მშენებლობის ნებართვების მიღების შემდეგ, „სვეტს“ „მშენებელი სამისთვის“ 150 ათასი დოლარი უნდა გადაეცა. ჯიბლაძე განმარტავს, რომ რადგანაც, ნებართვები არ იყო მიღებული, არც თანხა გადაუხდიათ. ჯიბლაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლების ინტერესებში იყო, ეს თანხა წინასწარ მიეღოთ.
შსს-მ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გუშინ ოთხი პირი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).