თბილისის მერი, კახა კალაძე “ქართული ოცნების” ოფისში რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მან პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ერთად ებრძოლონ ნარკოტრეფიკს, რაც მრავალი ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება.
“ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი, ეს არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენდით არაერთ მნიშვნელოვან განცხადებებს, გარდა ამისა, იყო სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში მის არსებობაზე, რასაც ვერ დავეთანხმები. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ვამაყობთ, იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს. თუმცა, უნდა გაიმიჯნოს მეორე, ძალიან სამწუხარო. ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ყველას, ვიცი, რომ ამ ადამიანებს ჩემ მიმართ გააჩნიათ გარკვეული პატივცემულობა, რასაც მე ნამდვილად ვაფასებ. ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს. ეს ურტყამს კლუბურ მუსიკას, ჩვენ გვიკვდება, ძმები, გვიკვდება შვილები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ვინც არიან შეკრებილები დამიდგებიან გვერდით. ჩემს უკან დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. დილიდან შეკრებილები ვართ პრემიერ-მინისტრის, პარტიის ხელმძღვანელის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე.
ვისმენთ, ასევე გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. გუნდში დაწყებულია მუშაობა და ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის მისაღები. ჩვენი კარი არის ღია და შემოვიდნენ ის ახალგაზრდები, ვისაც აინტერესებს და მოგვისმინონ თუ რა ხედვები გვაქვს. არასოდეს ამართულა კედელი ჩვენსა და მოქალაქეებს შორის”,_ამბობს კალაძე.
ქალაქის მერმა, იმ მოთხოვნებს, რაც თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს აქვთ, ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები უწოდა.
“რაც შეეხება მათი მხრიდან გაკეთებულგანცხადებებს, ეს განცხადებები ემოციურ ფონზე გაკეთდა”,_ამბობს კალაძე.
ის ასევე აცხადებს, რომ 8 ნარკორეალიზატორიდან, რომლებიც გუშინ სამართამდალმცვლებმა დააკავეს, 2 გათავისუფლდა.
“ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 ნარკორეალიზატორი, აქედან როგორც ვიცი, 2 არის გამოშვებული და დაკავებული რჩება 6 ნარკორეალიზატორი. რაც შეეხება ფორმას, შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა, ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ”,_განაცადა კალაძემ.