საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა ახალი 25 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება.
„გუშინდელი დილის შემდეგ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, კლინიკებში 323 პაციენტი მკურნალობს. მინდა გითხრათ, რომ ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება. ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარდა ტესტების დიდი რაოდენობა და სწორედ ამან განაპირობა ასეთი შედეგი. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი მაჩვენებელი აღარ იქნება. ახალი პაციენტებიდან 4 ჩვენთან იმყოფება, ორი მათგანი მოზარდია. ერთ-ერთს ტემპერატურა აქვს, მეორეს ტემპერატურაც კი არ აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ ახალ პაციენტს, ერთ მათგანს პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მძიმე არაა. სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთთან დაკავშირებით კი წყაროს მოძიება მიმდინარეობს. კრიტიკული პაციენტები ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს. მკურნალობას აგრძელებს 17 მძიმე პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.