“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ ცოტა ხნის სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:
“დღეს გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება რომ, ოზურგეთის მერი ,კონსტანტინე შარაშენიძე საჯარო მოხელეებს სთხოვს გარკვეული თანხა დადონ ეგრეთწოდებულ “ობშიაკში” ,რომელსაც მერი მისივე განმარტებით, გამოიყენებს შეჭირვებულთა დასახმარებლად.
მიგვაჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ეს ქმედება, რაოდენ კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა შეიფუთოს იგი, არის სამოხელეო დანაშაული და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.“
“გურია ნიუსმა“ ამ საკითხზე კომენტარის მოპოვება ოზურგეთის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე კი “ნაცმოძრაობის“ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს:
“ეს არის ნებაყოფლობითი თემა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ რაღაც წვლილი შეეტანათ საერთო საქმეში.
გამომდინარე აქედან, ვისაც რა საშუალება აქვს, იმის მიხედვით მოხდება ამ საქმეში დახმარება.
არანაირი მითითება ან დაძალება აქ არ ყოფილა.
ვიდრე თქვენ დამიკავშირდებოდით, მეც გავიგე მსგავსი ჭორი, რასაც არ ვადასტურებთ.
ასეთი მითითება არ გაცემულა და აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის“ წევრის გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე“, _თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ალექსანდრე სურგულაძემ.