მსოფლიო ჰიტის, Despacito-ს შემსრულებლები ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს სიმღერის პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა, კვირას, ყოველკვირეულ სატელევიზიო შოუში სიმღერის ტექსტის შეცვლილი ვერსია წარადგინა.
გავრცელებული ცნობით, შეცვლილი ტექსტი ხელს უწყობს მის მიერ დაგეგმილი მოქალაქეთა ახალი ასამბლეის შექმნას, რომელსაც კვირას აირჩევენ.
“ჩვენს მოწოდებას ასამბლეის დაფუძნების შესახებ მხოლოდ ქვეყნის გაერთიანება სურს”, _ ნათქვამია სიმღერის შეცვლილ ვერსიაში.
პუერტო რიკოელმა ვარსკვლავებმა, ლუის ფონსიმ და დედი იანკიმ სიმღერის გადაკეთებული ვერსიის გამო აღშფოთება სოციალურ ქსელში გამოთქვეს.
“არც ტექსტის გამოყენების და არც პოლიტიკურად გადაკეთების შესახებ არ უკითხავთ და, მით უმეტეს, ვენესუელამ, ქვეყანამ, რომელიც ძალიან მიყვარს და სავალალო მდგომარეობაში იმყოფება”, _ განაცხადა ფონსიმ და დაამატა, რომ “ჩემი მუსიკა ყველასთვისაა, ვისაც სურს მოისმინოს და ისიამოვნოს, მაგრამ არა იმათთვის, ვისაც სურს გამოიყენოს, როგორც პროპაგანდა, და ცდილობს ხალხის ნებით მანიპულირებას, რომლებიც თავისუფლებისთვის ტიროდნენ”.
დედი იანკიმ კი ინსტაგრამზე მადუროს წითლად გადახაზული ფოტო გამოაქვეყნა.
“სიმღერის არალეგალურად შეცვლა ვერ შეედრება იმ დანაშაულს, რასაც თქვენ ვენესუელაში ჩადიხართ”, _ ამბობს იანკი და დასძენს “თქვენი დიქტატორული რეჟიმი ხუმრობაა, არა მარტო ჩემი ვენესუელელი ძმებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”.
პრეზიდენტ მადუროს განცხადებით, სიმღერა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადააკეთა და მას ტესტირება სურდა.
როგორც ცნობილია, ვენესუელაში რამდენიმე თვეა რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და გასულ კვირას გაფიცვას კიდევ მილიონობით ადამიანი შეუერთდა
მაუწყებლის ცნობით, არეულობამ, რომელმაც 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ ურო დააზარალა ეკონომიკა, რომელიც საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას განიცდის.
როგორც ცნობილია, მადუროს მოქალაქეთა ასამბლეის შექმნით ქვეყნის კონსტიტუციის გადაწერა ოპოზიციის კონტროლის გვერდის ავლით სურს.
კრიტიკოსების თქმით, ის დიქტატურის დამყარებას ცდილობს.
მადურო კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ დაყოფილი ერისთვის მშვიდობის დასაბრუნებლად ეს ერთადერთი გზაა.