ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას:
“იმის მიუხედავად, რომ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებებს საჭიროდ მივიჩნევ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დავუჭირე, რადგან:
1. 28 იანვარს შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ არსებობის 3 თვის თავზეც კი ვერ წარმოადგინა არათუ კრიზისის მართვის გეგმა, ელემენტარული ინფორმაციაც კი ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით. რაც ყველაზე საგანგაშოა, მთავრობა ვერ იცავს ბალანსს, რომ ეკონომიკა, შესაბამისად, მოქალაქეთა შემოსავალი ზედმეტად არ მოგუდოს.
2. არ არსებობს ხედვა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, თუ პიკი ვერც 22 მაისს გადავიარეთ. და საერთოდ, რას ვეძახით პიკს? კი ბატონო, პიკი უნდა დავადაბლოთ, მაგრამ მხოლოდ იმ დონემდე, რომ ჯანდაცვის სისტემა მოერიოს. ზედმეტად დადაბლებაც არ ვარგა, რადგან, მაშინ პლატო უფრო მეტ კვირაზე და თვეზე გვეწელება და ამას ჩვენი ფსიქიკა, ჯიბე და ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს. აქ ისევ მივდივართ პირველ პუნქტთან: მთავრობას არ აქვს მუშა მოდელი, რომელიც ჯანდაცვისა და ეკონომიკის ბალანსს გააწონასწორებდა.
3. მხოლოდ ჩაკეტვის სტრატეგია, ისე რომ არ ვიცოდეთ, რას კონკრეტულ ნიშნულზე გავდივართ ამ ჩაკეტვით, შედეგს არ მოგვცემს. რა არის ჩვენი მიზანი? გვქონდეს დაბალი რიცხვები და თავი მოვიწონოთ, რომ “მაგრები ვართ”, თუ გვქონდეს იმდენი შემთხვევა, რასაც მოვერევით? ჩაკეტვის სტრატეგია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ 850 ჰოსპიტალიზებული პაციენტის მოვლის თავი გვაქვს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, და მეტის არა? თუ ასეა, რას აკეტებდა 3 თვე საკოორდინაციო საბჭო და ჯანდაცვის სამინისტრო, რომ სიმძლავრეები გაეზარდა? მით უმეტეს, რომ თებერვალში გვარწმუნებდნენ, 2000 საწოლი და სასუნთი აპარატი გვაქვსო.
4. მთავრობის აზროვნება საბჭოურია: რაც დაშვებული არაა, ყველაფერი აკრძალულია. მაშინ როდესაც მიდგომა უნდა იყოს: რაც აკრძალული არაა, დაშვებულია. ანუ იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი იყოს ღია და დავკეტოთ მხოლოდ ის, რაც საფრთხის შემცველია, კეტავს ყველაფერს და აპირებს გახსნას ის, რასაც თვოთონ “შეამოწმებს”. გარდა იმისა, რომ აქ კორუფციის აშკარა რისკია (იხ. “სუფთა სახლის” ქსელის დაკეტვა), როგორ წარმოგიდგენიათ, ათასობით იურიდიული პირის შემოწმება, აკმაყოფილებს თუ არა პირობებს?
მთავრობამ უნდა გამოაცხადოს, ჯანდაცვის მიზმებოდან გამომდინარე, რა კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, რომ საწარმომ იმუშაოს და რა იქნება სანქცია კრიტერიუმების დარღვევაზე. მერე მეწარმე თავად გადაწყვეტს, როდის გააღოს საწარმო/მაღაზია/პროფილაქტიკა/სილამაზის სალონი და ა.შ. მთავრობამ შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და დააჯარიმოს კრიტერიუმების დამრღვევები.
5. მთავრობის “ეფექტიანი მუშაობა” ქოლცენტრების მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს. ასეთი უმუშევრობის პირობებში რა უნდოდა დამატებით რამდენიმე ასეული ადამიანის მობილიზებას და ოპერატორთა სიმძლავრის იმ დონემდე გაზრდას, რომ 3.7 მლნ-იან ქვეყანაში ეს პრობლემად არ ქცეულიყო?
6. მოქალაქეებს საოცრად აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ვიღაცისთვის კანონი კანონი არაა მაშინ, როდესაც თვითონ შიმშილის პირისპირ დარჩენილს, მთავრობა არაფერს ეუბნება, რითი დაეხმარება.
მარნეულის პროტესტი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ ადამიანები დახმარებასაც კი არ ითხოვენ. ითხოვენ მხოლოდ იმას, რომ საკუთარი მოწეული პროდუქციის გაყიდვის უფლება მისცენ. რას აპირებს მთავრობა, თუ ეს პროტესტი სხვა რაიონებსაც მოედება?
7. ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობამ ვირუსის ტყვედ გვაქცია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვმართოთ სიტუაცია, ვირუსი გვმართავს ჩვენ. ასე დიდხანს ვერ გავძლებთ. და არ მინდა, რომ წესრიგი – თუნდაც ისეთი დაუსაბუთებელი, როგორიც მთავრობამ დაგვიწესა – მოიშალოს, რადგან ვირუსი იმაზე მეტ უბედურებას ვერ მოგვიტანს, ვიდრე შიმშილის გამო მოშლილი საზოგადოებრივი წესრიგი.
8. და ბოლოს, ადამიანური მომენტი. მსურდა, პირნათელი ვყოფილიყავი Zurab Medzvelia-სთან, რომელსაც მომაკვდავი მშობელი უწევს პალიატიურ დაწესებულებაში და ისე შეიძლება დაკარგოს საყვარელი ადამიანი, რომ ვერც კი გამოემშვიდობოს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანაში ჩაჯდომის უფლება არ აქვს. ასეთი ათასობით შემთხვევაა ქვეყანაში და ვერ ვისმენ დასაბუთებას, რატომ არ შეუძლიათ ამ ადამიანებს, სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით, თუნდაც მანქანით გადაადგილება? შეგახსნებთ, 144-ზე არ ირეკება!!!”_ აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.