„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა გვანცა ჩხარტიშვილმა, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მმართველი გუნდის მხრიდან, დღეს პრესკონფერენცია გამართა და განცხადება გააკეთა პარტიის რიგების დატოვების თაობაზე.
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციაში გამეფებული უსამართლობა და განუკითხაობაა, რასაც რამდენიმე თვე თვალყურს ვადევნებდი და აქამდე იმედი მქონდა სასიკეთოდ შეიცვლებოდა მდგომარეობა, თუმცა, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა“, _ აღნიშნა ჩხარტიშვილმა, რომლის თქმითაც, საარჩევნო სია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მაგული კუნჭულიას სანათესაო კლანითაა დაკომპლექტებული.
„ჩემი ინფორმაციით „ოცნების“ საარჩევნო სია დაკომპლექტებულია მაგული კუნჭულიას სანათესაო კლანით და სამწუხაროდ, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არ შესწევს უნარი შეცვალოს ეს რეალობა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის რიგები, რომლის ერთგულიც ვიყავი თავიდანვე.
რაც შეეხება უშუალოდ ნინოშვილის მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით ჩხარტიშვილს, ვფიქრობ, თავიდანვე დიდი შეცდომა იყო მისი მონაცემების გადაგზავნა თბილისის სათავო ოფისში, რადგან მას არასდროს არ უმუშავია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. პირიქით, მისი მხრიდან ყოველთვის საქილიკო საგანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, _ აღნიშნა ჩხარტიშვილმა პრესკონფერენციაზე, თუმცა არაფერი უთქვამს, პირადად რა გეგმები აქვს და აპირებს თუ არა არჩევნების წინ სხვა რომელიმე პარტიასთან ითანამშრომლოს- „ამის შესახებ რამდენიმე დღეში გავაკეთებ განცხადებას“, _ დასძინა ჩხარტიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, მაგული კუნჭულიას ქალიშვილი, ვერიკო კვირკველია და მძახალი, ნინო კვირკველია იკავებენ ადგილს, რაც გახდა სწორედ გვანცა ჩხარტიშვილის წყრომის მიზეზი.
რაც შეეხება ჩხარტიშვილის მიერ დასახელებულ დავით ჩხარტიშვილს, იგი საკრებულოს მოქმედი დეპუტატია, იგი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 2014 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატად ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში და როგორც ირკვევა მმართველი გუნდი წელსაც მასზე აპირებს ფსონის დადებას.
„გურია ნიუსი“ შემოგთავაზებთ მაგული კუნჭულიასა და დავით ჩხარტიშვილის კომენტარს გვანცა ჩხარტიშვილის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გვანცა ჩხარტიშვილს, იგი 2012 წლის არჩევნების შემდეგ ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად დაინიშნა, თუმცა, თანამდებობის დატოვება მალევე მოუხდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტის ფონზე. მოგვიანებით კი ჩხარტიშვილი სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში დაინიშნა ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე.