ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცურიამ, რომლის შესაძლო გათავისუფლებაზე თვეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ და რის მიზეზადაც მის მიმართ მმართველი გუნდის სხვადასხვა შტოდან ორკესტრირებული შეტევა სახელდებოდა, დაკავებული თანამდებობა დატოვა.
მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ფაცურია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, სხვა დეტალებზე კი, ჯერჯერობით, მერია განმარტებას არ აკეთებს.
ამ ეტაპზე ღიად რჩება კითხვა, თუ ვინ დაიკავებს ლანჩხუთის მერის მოადგილის ვაკანტურ პოსტს. კულუარებში რამდენიმე კანდიდატურაა განხილვის სტადიაში, მათ შორის საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიც სახელდებიან. როგორც ამბობენ, ისინი ზემდგომებს არგუმენტად საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ “ჭარბ ნდობას” უსახელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მერის ყოფილი მოადგილე სამომავლოდ მუშაობას საფეხბურთო სკოლაში გააგრძელებს რიგითი თანამშრომლის ამპლუაში. თავად გოგი ფაცურიასთან, იმის გამო, რომ ტელეფონი გამორთული ჰქონდა, გასაუბრება შეუძლებელი გახდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ალექსანდრე სარიშვილი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია _ უკვე დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესი, რომ ფაცურიას საკუთარი ნებით დაეთმო თანამდებობა, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. როგორც აღვნიშნეთ, ამაში ხელისუფლების სხვადასხვა შტო მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესში მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც იყვნენ ჩართული.
ფაცურიას ირგვლივ არაჯანსაღი გარემო ჯერ კიდევ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ შეიქმნა, როცა მისი საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნა გადაწყდა. მაშინ ნუგზარ ცინცაძე, იგივე “ცანცუა” და მისი თანამოაზრენი წავიდნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თუმცა, ფაცურიამ მაშინ შეძლო სტატუსის შენარჩუნება და არჩევნებიც წარმატებულად დაასრულა. ამას მოჰყვა ის, რომ ახალარჩეულმა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა გოგი ფაცურიას თავის პირველ მოადგილედ დანიშვნა. მეტიც, ნუგზარ ცინცაძე თამაშგარეთ დატოვა და როგორც მაშინ ლანჩხუთში ამბობდნენ, ე. წ. “ცანცუიზმის” ერასაც წერტილი დაუსვა. თითქოს ამით ყველაფერი მორჩა, მაგრამ ფაცურიაზე ორკესტრირებული შეტევა ახალი ძალით განახლდა. მათ შორის იმათგანაც, ვინც თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, ფაცურიას ლობირებდნენ. ისინი ფაცურიას ბრალს “ნაციონალური” პოლიტიკის გატარებაში სდებენ. ამის მთავარ მიზეზად კი საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” თემა სახელდება. საქმე ისაა, რომ “გურიას” მართვის უფლება მოიპოვა არა იმ გუნდმა, ვისაც ოფიციოზი ლობირებდა, არამედ კახა ებრალიძის გუნდმა, რომელიც აუქციონით ვაჭრობაში მოულოდნელად ჩაერთო. მაშინ ოფიციოზის მხარდაჭერილი გუნდის უკან, ბევრი, არც თუ უსაფუძვლოდ, პარლამენტარ ნინო წილოსანს მოიაზრებდა. წინასწარი შეთანხმებით, აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილე უნდა შემოსულიყო, რომელსაც პირველადი საწყისი თანხის სანაცვლოდ უნდა მოეგო აუქციონი. სწორედ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი და ვაჭრობაში მეორე მონაწილეც ჩაერთო, რასაც, როგორც წესი, ვაჭრობა მოჰყვა და გამარჯვებულად “ბლექ სი გრუპ მედია” გამოვლინდა, რომლის უკანაც კახა ებრალიძე მოიაზრებოდა, ეს ყველაფერი კი გოგი ფაცურიას დაბრალდა, ვითომდა, მან გააკეთა ყველაფერი, რომ ებრალიძე მოსულიყო გუნდში.
მოკლედ, ინტერესთა გადაკვეთის ფონზე, თვეების მანძილზე ხორციელდებოდა ორკესტრირებული შეტევა მერის პირველი მოადგილის მიმართ და თანამდებობიდან წასვლის მიზეზად უსახელებდნენ მიწის ლეგალიზაციის კომისიის შენელებულ მუშაობასა და მთავრობის მაღალი ტემპისთვის ნაბიჯის ვერშეწყობას.
როგორც ჩანდა, მოთხოვნებს ფაცურიასთან მიმართებაში ყველაზე მეტად მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ახმოვანებდა. თუმცა, ნასარაია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ ის ღიად ერეოდა თვითმმართველობის საკითხებში და დაუოკებელი მცდელობა ჰქონდა მერის პირველი მოადგილე გაეგდო სამსახურიდან, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში არ ადასტურებდა.
რაც შეეხება ნინო წილოსანს, რომელიც ფაცურიას წასვლის მთავარ დამკვეთად მიიჩნევა, “გურია ნიუსთან” ფაცურიას საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მის კომენტარში ირიბად იკითხება კიდეც, რომ მთლად კმაყოფილი ვერ იყო სარიშვილის საკადრო პოლიტიკით:
“ლანჩხუთის მერი არის ხალხის მიერ არჩეული ფიგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პირდაპირ ანგარიშვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ მოქალაქეების ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. მერმა კარგად უნდა შეისწავლოს ლოკალური პრობლემები და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკადრო პოლიტიკის მიმართულებით. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ყოველთვის მზად ვარ ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობისთვის და ნებისმიერ საკითხზე შემიძლია, სიამოვნებით გავუწიო კონსულტაცია, მივცე რჩევები და მაქსიმალურად ჩავერთო პრობლემების მოგვარების პროცესში”, _ გვითხრა წილოსანმა ფაცურიას თანამდებობიდან წასვლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ოპოზიცია კი მერის პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებს.
“გოგი ფაცურია არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და აკეთებდა თავის საქმეს, თან _ კარგად. ასეთები კი “ოცნებაში” არ მოსწონთ. მიდის მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, რისთვისაც სჭირდებათ პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები, რომელსაც მხოლოდ ხმების მობილიზება დაევალება”, _ ამბობს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მოადგილის ბედი, შესაძლებელია, მალე ალექსანდრე სარიშვილმაც გაიზიაროს.
ალექსანდრე სარიშვილთან საკმაოდ დაახლოებული პირი, ექსპარლამენტარი ომარ ხუციშვილიც იმ აზრს იზიარებს, რომ შეტევა, რომელიც ფაცურიაზე ხორციელდებოდა, ირიბად მოქმედ მერზე შეტევასაც ნიშნავს.