ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” 2017 წელს მოიპოვა და და ამის შემდეგ წარადგინეს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს ირჩევს.
აფხაზავა ამ კონკურსის მეორე ეტაპზე, ფინალში გადასასვლელად 49 პედაგოგთან ერთად იბრძოდა და შედეგიც დადგა _ ის საუკეთესოთა ათეულშია.
მის შესახებ ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ აფხაზავა, 2013 წელს, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და ლანჩხუთში მისი გამგებელი დანიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი და ახალგაზრდულ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ძალიან მაგრად გამოსდიოდა ყოველთვის და რაც დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამტკიცა და რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ“, _ იხსენებს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა.
თავად ლადო აფხაზავა კი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამ მას ბრძოლის უნარი შემატა:
_ როგორც კი ზაზა ურუშაძე მოვიდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნებიდან“. ავტ.) მალევე გამიშვა სამსახურიდან. ხელშეკრულებით ვიყავი აყვანილი და შემიჩერეს დაახლოებით ერთ თვეში. იგი ლანჩხუთელი არ იყო და ჩემზე ამბები მიუტანეს, ზოგი _ მართალი, ზოგიც _ ტყუილი. იმ პერიოდში დიდი პროექტი მქონდა მოგებული და ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ხშირად ვხვდებოდი მათ სხვადასხვა პარტიის შეკრებებზე. მათ შორის „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“. ვაკეთებდი გამოკითხვებს, ვწერდით ვიდეოებს და ვატარებდით კვლევებს. დღესაც მაქვს ეს მასალები შენახული და ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყენებ. მაშინ, ურუშაძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიყავი და ალბათ ეს იყო ჩემი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი.
თუმცა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე ყოველთვის ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი _ ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ერთი ფაქტი მახსენდება _ 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობდი ახალგაზრდულ პარლამენტთან. თითქმის ყველა სკოლიდან იყვნენ მოსწავლეები ჩართული პროექტში. მახსოვს, პარკში შევიკრიბეთ. მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მათთან პოლიტიკური განხრით ვმუშაობდი. ამ დროს კი ჩვეულებრივი, ახალგაზრდების შეკრება იყო. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებას, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა -გახორციელებას. რატომღაც პოლიტიკას მიაწერეს, არადა, არასოდეს პოლიტიკასთან საერთო არ მქონია. მე რომ პოლიტიკასთან საერთო მქონოდა, ამხელა წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდი, _ იხსენებს ლადო აფხაზავა, რომელსაც გამგეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთში მოუხდა სამუშაოდ წასვლა:
_ თავი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ ხალიჩებს ვრეცხავდი. დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მოსწავლეების სიყვარულმა მძლია და ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 50 ლარი იყო ჩემი ხელფასი, _ გვითხრა აფხაზავამ, რომლის თვიური ანაზღაურება დღეს 300 ლარამდეა.
იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც 5 წლის წინ მასზე ცუდად საუბრობდნენ და რომლებსაც მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს, დღეს არ სურს:
_ სამაგიეროს გადახდა არ მიყვარს. 3 წლის მანძილზე, ჩვენი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვებს და მე, სკოლის ავტობუსშიც კი არ გვაჯენდნენ, მაგრამ ჯილდოს მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა. თან, მაშინ, ლანჩხუთში ახალი მერი ალექსანდრე სარიშვილი მოვიდა და მან ძალიან ივაჟკაცა. მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ დალაგდა ჩემთან მიმართებაში, _ ამბობს ლადო აფხაზავა.
მისივე თქმით, გულისტკენამ დიდი გამოცდილება შესძინა:
_ უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადეს. ის გამოწვევები და არაკომფორტული მდგომარეობა, რაც მე ცხოვრების მანძილზე მხვდებოდა, უფრო ძლიერს მხდიდა. ახლაც, ამ გამარჯვების, ამ წარმატების დროსაც მინდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამაკრიტიკებენ, ცუდ რამეებს იტყვიან, რადგან უფრო ორგანიზებული გავხდები, _ აღნიშნა აფხაზავამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
ჩვენ შევეცადეთ ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის კომენტარიც მოგვეპოვებინა და მისგანაც გაგვეგო რატომ გაუშვა ლადო აფხაზავა სამსახურიდან, თუმცა უშედეგოდ _ ზაზა ურუშაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. იგი “მომსახურების ზონიდანაა გასული”.