საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა მხოლოდ 3 მსხვილ ქალაქში შევიდა.
კითხვაზე, რატომ შევიდა ფაიზერი მხოლოდ ამ ქალაქებში- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე პასუხობს:
„ფაიზერის ვაქცინის შენახვის პირობები სხვა ვაქცინებისგან განსხვავდება. ცივი შენახვის ჯაჭვი სჭირდება. -3 გრადუსზე ინახება და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. შევიდა იმ კლინიკებში, სადაც შენახვის პირობებია. თუმცა ამ 2 თვეში ცივი ჯაჭვის შენახვის ქსელი გავაფართოვეთ და შეგვიძლია 800 000-იდან მილიონამდე ვაქცინის შენახვა. მიმდინარეობს მოლაპარაკება და როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, შეიძლება უფრო მეტი ფაიზერი შემოვიდეს“,_ ამბობს გამყრელიძე.
ცნობისთვის, საქართველოში 29,500 ცალი ვაქცინა შემოვიდა და 14 000 ადამიანის ასაცრელად არის გათვლილი.
„ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდა 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, „ფაიზერის“ ვაქცინის აცრით მსურველი 9 000-ზე მეტი ადამიანია.