“გურია ნიუსს” ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის #114-116 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მობინადრეებმა მიმართეს და იმ პრობლემის გასაჯაროება ითხოვეს, რაც მათ მერიის მიმდებარე სკვერში ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვის შემდეგ ყოველ ჯერზე ექმნებათ.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ სკვერში პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა ბოლო ზარის ღონისძიება მოაწყვეს, სადაც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ახალგაზრდებთან ერთად, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მრავლად იყვნენ. აღმოჩნდა, რომ იქ შეკრებილებმა საპირფარეშოდ მიმდებარე კორპუსების სადარბაზოები გამოიყენეს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებლების გულისწყრომა. როგორც ისინი ამბობენ, არაფერი არ აქვთ საწინააღმდეგო, თუ ქალაქში გასართობი ღონისძიებები გაიმართება, მაგრამ ეს მათ “ნერვების დაწყვეტის ფასად არ უნდა უჯდებოდეთ”:
“ყოველთვის, როცა ამ სკვერში ხალხმრავალი ღონისძიებები იმართება, ჩვენს სადარბაზოებს საპირფარეშოდ იყენებენ. ეს პირველი შემთხვევა არაა. ორჯერ გაიმართა ამ სკვერში ქორეოგრაფიული ფესტივალი, უცხოელებიც იყვნენ ჩამოსულები. აქეთ-იქით დარბოდნენ სტუმრები ტუალეტის ძებნაში, მაგრამ, რაც არაა, სად ნახავდნენ?! მეორე დილით სადარბაზოებში არ შეისვლებოდა, ისეთი მდგომარეობა იყო. ახლაც იგივე განმეორდა, ვითომ ვცდილობდით, გაგვეკონტროლებინა სიტუაცია, მარა მაინც ვერ შევძელით. საკუთარი საპირფარეშოს გასუფთავება არაა სასიამოვნო საქმე და გამაგებინოს ვინმემ, რატომ და როდემდე უნდა ვწმინდოთ ბინის მცხოვრებლებმა სხვისი ფეკალია?! პირობას ვიძლევით, თუ კიდევ ვინმე დაგეგმავს ამ სკვერში მსგავსი ტიპის ღონისძიება გამართოს, არ დავანებებთ, ყველა გამოვალთ გარეთ.
კეთილი ინებონ და თუ ამ სკვერში კიდევ დაგეგმავენ რაიმე სახის ღონისძიების გამართვას, ბიოტუალეტები მოაყოლონ თან, ან საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა მოაგვაროს მუნიციპალიტეტმა. ცენტრალური მაგისტრალი გადის ქალაქზე და გზად მიმავალ რამდენ უცხოელს ნახავ, ქალაქში რომ დარბის და საპირფარეშოს ეძებს”, _ ამბობენ ჟორდანიას ქუჩის 114-116 სახლების მობინადრე ქალბატონები.
ის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემაა “გურია ნიუსთან საუბარში ადასტურებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოგი ფაცურიაც:
“ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და ვცდილობთ, საკითხის მოგვარებას. თავის დროზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გეგმაში ჰქონდა იმ ობიექტის რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ სკვერში 2012 წელს გაკეთდა და შემდეგ სამართავად დასუფთავების სამსახურს უნდა გადაცემოდა. თუმცა, მაშინ გარკვეული წინააღმდეგობა წამოვიდა თავად მმართველი გუნდის ნაწილისგან და ეს საქმე არ გამოვიდა. ახლა არის საუბარი, რომ ყოფილი პოლიციის უკანა ეზოში გაკეთდეს საზოგადოებრივი ტუალეტი, თან რაც შეიძლება, დროულად”, _ გვითხრა ფაცურიამ.
საზოგადოებრივი ტუალეტის შენობა კი, რომლის რეაბილიტაციასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გეგმავდა 2015 წელს, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” 2012 წელს ქალაქის ცენტრალურ სკვერში ააშენა. მაშინ მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, 33 ასეთი ტუალეტის მშენებლობისთვის 2 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო, საიდანაც ლანჩხუთზე 48 ათას ლარამდე გაიხარჯა.
აღნიშნული ქონება ახლა მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს, რადგან საქართველოს წყალმომარაგების ახალი მენეჯმენტის თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტები მის პროფილს აღარ წარმოადგენს და ურთიერთშეთანხმების შემდეგ, არსებული ობიექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბალანსზე გადავიდა.
აღნიშნულ საზოგადოებრივ ტუალეტს ლანჩხუთში ერთი დღეც არ უმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ კეთილმოწყობილი გახლდათ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც იყო გათვლილი. ასევე, არც იმაზე უზრუნია ვინმეს, ქონებას გაფრთხილებოდა და დაზიანებისგან დაეცვა.
გარდა ამ შენობისა, ლანჩხუთში კიდევ ერთი უფუნქციო ტუალეტი ჟორდანიას ჩიხში მდებარეობს, რომელიც 2002 წელს მაშინდელმა ქალაქის მერიამ ააშენა და მისმა სრულმა ღირებულებამ, პროექტის ჩათვლით, 13 730 ლარი შეადგინა.
თუ ქალაქის მერის მაშინდელი მოადგილის რომან ბიწაძის სიტყვებს დავერწმუნებით, მაშინ საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაზე სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად ჩატარდა, მისი კანალიზაცია სრულ წესრიგშია და დღემდე გამართულად მუშაობს.
როგორც არ უნდა იყოს, ლანჩხუთში მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
“არ შეიძლება ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ არსებობდეს”, _ ამბობენ მოქალაქეები.