ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა, რითაც სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის ახალრეაბილიტირებული გზის მონაკვეთზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა გააპროტესტა.
„ყველა სიხარულით შეხვდა ამ გზის გაკეთებას. რამდენიმე წლის წინ ორი-სამი ძველი მანქანა თუ ძლივს დადიოდა აქ, ახლა უკვე 24-საათიანი მოძრაობაა და გზა რეგიონის მასშტაბით გახდა მნიშვნელოვანი. თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ ამ ჩვენს სიხარულს საფრთხე ემუქრება, რადგან იმაზე მეტი ტვირთამწეობის მანქანები დადიან აქ, ვიდრე დასაშვებია. თუ ასე გაგრძელდა, ბოლოს ისეთი გზა დაგრჩება, წლების წინ რომ იყო. ისე გამოდის, რომ ცალი ხელით საქმეს ვაკეთებთ, მეორეთი კი ვაფუჭებთ“, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ომარ ხუციშვილმა, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობაში დასდო ბრალი. მისი თმით, აქციის გამართვის თაობაზე ინფორმირებული იყო, როგორც გუბერნია, ისე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც.
„ყველაზე საწყენი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამას გულგრილად უყურებს. უცნაური წინადადება შემოგვითვალეს, თქვენ თვითონ აუკრძალეთ მაგ მანქანებს მოძრაობაო. რა ვქნათ, ფორმა ჩვენ არ გვაქვს პატრულის და ჩვენი იარაღი თოხი და ცელია, ამით კი ვერ გააჩერებ და შეეწინააღმდეგები 80-ტონიან მანქანას.
ჩვენ ვითხოვთ ამ პრობლემის ცივილიზებულ მოგვარებას. როგორც ვიცით, აქციის წინა ღამით დაუდგამთ რამდენიმე ადგილას საგზაო ნიშნები, თუმცა, ეს არაა საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, ამას პატრულირებაც უნდა მოჰყვეს“, _ დასძინა ხუციშვილმა და სიტყვა სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ალექსანდრე სარიშვილს გადასცა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ხელისუფლების მხრიდან აქციას დაესწრო.
„გამგებელს დედა გახდენია ცუდად და თბილისში მიჰყავს, ამიტომ ვერ მოვიდა აქ და ბოდიში მოიხადა, საკრებულოს თავმჯდომარე კი წუთი-წუთზე უნდა შემოგვიერთდეს“, _ გამგებლის სახელით მოიბოდიშა სოფლის მაჟორიტარმა.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, აქცია ისე დასრულდა, რომ იქ მოსული არავის უნახავს.
სოფლის მაჟორიტარმა შეკრებილებს აქტიურობისა და არსებული პრობლემის გათავისებისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა მისცა, რომ ბოლომდე მათ გვერდით იქნება და ყველა ღონეს იხმარს საკითხის მოსაგვარებლად.
„საკუთარი თვალით ვნახე, რომ საგზაო ნიშნები უკვე დადგმულია, თუმცა, ამ კუთხით სამუშაოა კვლავაც, საკითხს საკრებულოს სხდომაზეც გავაჟღერებ. ახლად დადგმულ საგზაო ნიშანზე 16 ტონაა მითითებული, რაც ძალიან დაბალი ნიშნულია. აქედან ციტრუსი, თხილი გადის და ისე არ უნდა დარჩეს, რომ საბოლოოდ, მოსახლეობა დაზარალდეს. მგონი შეზღუდვა 25 ტონას ზევით უნდა დაწესდეს.
ყელაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ ამ გზას პრობლემა არ შექმნას. პოლიციის უფროსთანაც მქონდა შეხვედრა და მივიღე პირობა, რომ პატრულირება დაწესდება, რომ მძიმეწონიანმა მანქანებმა ვეღარ შეძლონ ამ გზით გადაადგილება“, _ პიუთხრა შეკრებილებს სოფლის მაჟორიტარმა.
საბოლოოდ, კი აქცია იმ იმედით დაიშალა, რომ ამიერიდან, „საუკუნის პროექტად“ მონათლული გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციაც სამი მილიონი ლარი დაჯდა, მძიმეწონიანი მანქანები აღარ გაივლიან.