რეგიონებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელფასების 20-30% ზრდის ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული.
„დღეს მთავრობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს. ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.