თერჯოლამ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც უმცროსი და საშუალო ასაკის ჭაბუკები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქის 250-მდე ფალავანი იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 11 მოჭიდავეც, რომელთაც ტურნირიდან ჯამში ხუთი მედალი წამოიღეს.
ლანჩხუთელთაგან ტურნირის ჩემპიონის ტიტული თამაზ აბაშიძემ ირგუნა 57 კგ, წონით კატეგორიაში, რომელმაც ჯამში ოთხი შეხვედრა გამართა. მან ჯერ ბაღდათელი მოჭიდავე დაჯაბნა, შემდეგ თბილისელ ფალავანს სძლია დაძაბულ ბრძოლაში. ნახევარფინალში კი ნორიოელი მეტოქე სუფთად დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდა ფოთელი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კიდევ ერთ აღსაზრდელს, ოთარ ჯანელიძეს (52 კგ.) მცირედი დააკლდა ჩემპიონი რომ გამხდარიყო. მან ნახევარფინალმდე ორი შეხვედრა მოიგო აშკარა უპირატესობით. ნახევარფინალურ შეხვედრასაც უგებდა ორი ქულით სენაკელ ფალავანს, თუმცა შეხვედრის დამთავრებამდე 20 წამი იყო დარჩენილი, როცა მეტოქე გამართლებულ ვაბანკზე წავიდა და ლანჩხუთელ ფალავანს, რომელიც საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, ორი ქულა აწაპნა და ფინალის საგზურიც ირგუნა.
ამავე წონაში კიდევ ერთი ლანჩხუთელი მოჭიდავე გიორგი მახარაძე ასპარეზობდა, რომელმაც ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო და საბოლოოდ ისიც ბრინჯაოს მფლობელი შეიქნა.
ბრინჯაოს მფლობელი გახდა 32 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლანჩხუთელი გიორგი იაშვილიც, რომელმაც ნახევარფინალმდე სამი გამარჯვება მოიპოვა, ნახევარფინალში კი ბორჯომელ მოჭიდავესთან დამარცხდა.
ლანჩხუთელთაგან მეოთხე ბრინჯაოს მედალი ნიკა ცეცხლაძემ მოიპოვა ( 26 კგ.) ნიკამაც ნახევარფინალურ შეხვედრაში წააგო ქუთაისელ მოჭიდავესთან, მანამდე ორი შეხვედრა მოიგო, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი თბილისელ მოჭიდავეს სძლია.