ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის #118 შენობის შიდა ეზოში, უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკანალიზაციო მილიდან ფეკალური მასა პირდაპირ ქუჩაში იღვრება.
ამ ტერიტორიის მიმდებარედ რამდენიმე მუნიციპალური სამსახური ფუნქციონირებს. მათ შორისაა, ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოც, რომლის სამუშაო ოთახის ფანჯრები სწორედ იმ ქუჩას გადმოჰყურებს, სადაც ზემოთ ნახსენები პრობლემაა შექმნილი.
ჯერ კიდევ თებერვალში, ჟორდანიას ქუჩის ამ მონაკვეთის მოსახლეობამ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. მაშინ ადგილზე სიტუაციის შესასწავლად მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ადგილობრივთა გულისტკივილის მოსმენის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან დახმარების გაწევის პირობაც გაიცა. როგორც მერმა მაშინ თქვა, პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელი იყო და საამისოდ წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდებოდა. ასეც მოხდა, თუმცა, არსებული ხარვეზი მაინც გამოუსწორებელი დარჩა _ ფეკალური მასა დღესაც ქუჩაში იღვრება და იქვე სანიაღვრე არხში ჩაედინება.
მარიკა მენაღარიშვილი, რომელიც ჟორდანიას 118-ში ფართს ფლობს, ამბობს, რომ საკანალიზაციო მილის პრობლემა აქ მას შემდეგ გაჩნდა, რაც შენობის შიდა ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდა, ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრე არხი გაკეთდა:
“საკანალიზაციო მილის გაუმართაობა გზის ამ მონაკვეთზე არასწორად შესრულებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. არავის ეგონოს, რომ ტყუილად, ჰაერზე ვლაპარაკობ და ვამტკიცებ იმას, რაც არ ვიცი. მე მქონდა კომუნიკაცია კვალიფიციურ ადამიანებთან, ადგილზე მოვიყვანე და ვაჩვენე, რა და როგორ არის გაკეთებული. მათი დასკვნით, ცალსახაა, რომ ფეკალიები ქუჩაში არასწორად შესრულებული გზის სამუშაოების გამო იღვრება.
საქმე ისაა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ აქ გაკეთდა სანიაღვრე არხი, რომელიც საკანალიზაციო მილს კვეთს. როგორც ჩანს, მშენებლებმა მარტივ გამოსავალს მიაგნეს და მილი დაბლა დაწიეს, რის გამოც საკანალიზაციო ჭასთან მისი შეერთების ადგილი ზემოთაა. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ფეკალიებს სრულად ვერ ატარებს საკანალიზაციო მილი და იგი ქუჩაში იღვრება.
მტკიცება იმისა, რომ თითქოს თავის დროზე ეს ჭა ცუდად გაკეთდა და ჩვენ მიერ მილი არასწორადაა მიერთებული, აბსურდია. ათი წელია, რაც ამ შენობაში ფართს ვფლობ და მსგავსი პრობლემა აქამდე არასდროს შექმნილა. თუნდაც ასე ყოფილიყო და იქ რამე არასწორად გაკეთებული აღმოაჩინეს, მაშინ თავშივე რატომ არ მიაქციეს ამას ყურადღება და არ მოგვთხოვეს ხარვეზის გამოსწორება? არ იცოდნენ მერე რა პრობლემა წარმოიშობოდა?! კეთილი ინებონ, რა სახსრებითაც უნდათ მოაგვარონ პრობლემა, რომელიც ვიღაცეების არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტობის გამო შეიქმნა”, _ ამბობს მარიკა მენაღარიშვილი.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” როგორც ლანჩხუთის მერიას, ისე წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა. მათთან მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ფეკალური მასის ქუჩაში დაღვრის მიზეზი არა გასულ წელს, გზის ამ მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია, არამედ წლების წინ მომხმარებლების მიერ არასწორად დამონტაჟებული საკანალიზაციო სისტემა. თუმცა, ვინ უნდა იზრუნოს ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და როდემდე შეიძლება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქუჩაში იღვრებოდეს ფეკალური მასა, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.