საქართველო-რუსეთის ომიდან 10 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში, კულტურისა და დასვენების პარკში ასობით ახალგაზრდა და ომში წამსვლელი გამოვიდა. მზადება დილიდანვე დაიწყეს, ყველაზე მეტად რეზერვისტები იყვნენ.
ფოტო, რომელიც 10 წლის გადავიღე, ძალიან ემოციურია. ოზურგეთელი დედა შვილს მარტო არ უშვებდა ომში. ეს დედა-შვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუს მცხოვრები ზაირა და თამაზ ცხომელიძეები არიან.
“გურია ნიუსი“ ცხომელიძეების ოჯახს სახლში ესტუმრა. სახლში თამაზის დედ-მამა ზაირა და ზურაბ ცხომელიძეები დაგვხვდნენ შვილიშვილებთან ერთად. თამაზი პურის საცხობ ქარხანაში მუშაობს და სახლში არ იყო.
“ძალიან ემოციებში ვიყავი 8 აგვისტოს, რადგან უეცრად დაგვატყდა თავს მთელ ქვეყანას უბედურება. დილით, მეუბნება თამაზი, რომ გამეღო მისთვის კარები, რადგან მიდიოდა, მაგრამ სად, ამას არ ამბობდა. როდესაც, ეზოდან გადავიდა, უეცრად მითხრა _ ომში მივდივარო. ახალმოყვანილი ჰყავდა ცოლი. არც მისი მეუღლისთვის უთქვამს ომში წასვლის შესახებ. როგორც კი ქალაქში წავიდა ჩემი შვილი, მეც წამოვედი და გამგეობის შენობასთან მივედი. იქ ხალხმრავლობა იყო, ემზადებოდნენ წასასვლელად ჩვენი გმირები. დავინახე ჩემი შვილი, როგორ იდგა რიგებში და მაშინ ვთქვი _ მეც შენთან ერთად წამოვალ, შვილო“, _ იხსნებს ზაირა ცხომელიძე.
ქალბატონი ზაირა სამი შვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებიაა.
“ჩემი შვილი 2008 წელს რეზერვისტი იყო. მე ვიცოდი ჩემს სიტყვაზე არ წამოვიდოდა სახლში, რადგან ის ვაჟკაცია. საშინელი საათები გადავიტანე. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რეზერვისტები ომში აღარ მიჰყავდათ. მანამდე კი დავყვებოდი ჩემს შვილს და მაგ დროს თქვენ ფოტო გადამიღეთ. რამდენიმე გაზეთი შევიძინე, პირველ გვერდზე ვიყავით მე და ჩემი შვილი. ჩემმა დამ წაიღო ერთი გაზეთი იმერეთში და ყველას ეუბნებოდა, ომში რომ მივდიოდი“, _ გვიყვება ქალბატონი ზაირა და საუბარრში თამაზის მამა, ბატონი ზურაბი გვერთვება.
“ყველა ნერვიულობდა. ჩემი შვილი ვალდებული იყო საქართველოს ღირსება დაეცვა. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსებმა წაგვართვეს და ამის აღიარება არ უნდათ“.
ქალბატონი ზაირა კი გულდაწყვეტილი საუბრობს აგვისტოს მძიმე დღეების შესახებ.
„ყველამ კარგად დაინახა, რაც მათ ქართველებს გაგვიკეთეს. თქვენს მოსვლამდე ტელევიზიით მედვედევი გამოვიდა და თქვა, 2008 წელს, რაც მოხდა, სააკაშვილის ბრალია, მაგის დამსახურებააო. ახლა მე რა ვიცი, ვინ არის მტყუან-მართალი მედვედევ-პუტინ-სააკაშვილის შორის, მაგრამ ერთი ნათელია _ რუსეთის ხელისუფლებამ არ დაინდო საქართველო. არაერთი ოჯახი გაანადგუარა და დატოვა თავშესაფრის გარეშე. დაგვიხოცეს ახალგაზრდები, მებრძოლები და ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია“, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.