ფოთში, მერიის შენობის წინ, ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც მინდია ბარამია აცახდებს, პოსტის დატოვება მას აიძულეს. ამასთან, როგორც ბარამია ამბობს, მასთან ერთად კიდევ ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაიაც გაათავისუფლეს.
“დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის, ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარი ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე, პირადად, ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა. მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ფოთი, მოგეხსენებათ, ძალიან პატარაა და ბევრი ერთმანეთის მეგობრები ვართ. გახარიას მე პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდი პატივს ვცემ მაგ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც მერიაში თანამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან“, _ განაცხადა მინდია ბარამიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.