ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 სოფელს წარმომადგენელი ჯერ კიდევ არ ჰყავს. მათ ხელშეკრულებას ვადა 29 ნოემბერს გაუვიდა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, სოფლებში მერის წარმომადგენლები კონკურისის წესით დაინიშნებიან, თუმცა, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, მანამდე კი სოფლებში მოსახლეობა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მზია მაკასარაშვილი, რომლის მეუღლეს გულზე მეოთხე მძიმე ოპერაცია უკეთდება აღნიშნულთან დაკავშირებით, დახმარების სათხოვნელად, ნაღობილევიდან მერთან იყო შესახვედრად ჩამოსული:
_ ჩემს მეუღლეს, მერაბ მაკასარაშვილს სჭირდება საოპერაციოდ დახმარება, რასაც დამეხმარებიან იმას დავჯერდები, გულზე მეოთხე ოპერაცია უკეთდება, _ამბობს მზია მაკასარაშვილი.
სოფლების წარმომადგენლებს შეწყვეტილი აქვთ უფლებამოსილების გახორცილებისთვის ყველანაირი ბერკეტი. ვერ სცემენ ცნობებს, მათ შორის მიცვალებულთან დაკავშირებით და ასევე, საშეშე მასალის მოჭრისთვის ვერ გასცემენ შესაბამის დოკუმენტაციას. მართალია, წარმომადგენლებს ჰყავთ თანაშემწეები, თუმცა, როგორც სხვა საჯარო მოხელეები, მათ უფლებამოსილების შესრულება ოფიციალურად არ შეუძლიათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე განმარტავს, რომ წარმომადგენლების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება:
_ ვფიქრობთ, რომ გამოვაცხადოთ კონკურსი და კონკურსის წესით დავნიშნოთ წარმომადგენლები. ეს საკითხი ამ დღეებში გადაწყდება. რაც შეეხება მოქალაქეებზე ნებისმიერი სახის ცნობების გაცემას, ჩვენ არცერთი მათგანი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. თანაშემწეებთან გვაქვს სრული კოორდინაცია და ვფლობთ ნებისმიერ ინფორმაციას. თუ კი ჩვენ რომელიმე მოქალაქემ დახმარებისთვის მოგვმართა, კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში აუცილებლად დავეხმარებით.
რაც შეეხება მიცვალებულის თემას, ასეთი ფაქტი ორ სოფელში იყო და ჩვენ საჭირო დოკუმენტაცია გავეცით და ამ მხრივ დახმარების პრობლემა, არავის შექმნია“, _ ამბობს სირაძე.