კითხვით _ როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღები, “გურია ნიუსს” უამრავი ადამიანი მიმართავს. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს მარინა ცინცაძეს დავუკავშირდით. ცინცაძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი.
როგორც “გურია ნიუსს” მარინა ცინცაძემ უთხრა, თანამშრომლებს რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ, სამსახურში გასვლა ხვალიდან შეეძლებათ.
“ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვინც ვიყავით იზოლაციაში, ხვალ უნდა გავიდეთ სამსახურში და შემდეგ, მერიასთან შეთანხმებით, გადაწყდება, როგორ უნდა მოვიქცეთ”, _ გვითხრა ცინცაძემ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, პასუხი იმის შესახებ, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვისორივე მათგანი ქობულეთში, საავადმყოფოში არიან მოთავსებული და როგორც ჩვენთან საუბრისას ნინო ბარამიძემ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფებიან.
დღეს კორონავირუსი ჩოხატაურში კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62-ამდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 პაციენტი.