ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე პირველ საკითხად კურორტ “გომისმთაზე” ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს _ ზაფხულში კურორტზე უკანონო მშენებლობების ბუმი იყო.
საბჭოს წევრმა თამაზ ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება გომისმთის განაშენიანებას და მოხარულია, რომ საზოგადოებას აქვს ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება, თუმცა, ეს პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს.
“დღესდღეობით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა ხსენებულ ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესს”, _ თქვა თამაზ ტრაპაიძემ.
საბჭოს წევრის, მინდია სალუქვაძის მოსაზრებით, ხსენებული პრობლემის საფუძველი არის ის, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.
საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მახარაძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული გომისმთის გენგეგმის შემუშავების თაობაზე, მაგრამ ვერ მოხდა მისი დამტკიცება მასში არსებული ხარვეზების გამო. მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილია მოთხოვნა საქართველოს მთავრობაში, რომ გომისმთა შევიდეს შემოქმედის ტერიტორიული ერთეულში.
“გენგეგმის მიღებამდე რაღაც იურიდიული საფუძველი უნდა შეიქმნას, რაც მშენებლობის დარეგულირებისთვის საფუძველს შექმნის”, _ აღნიშნა საუბრისას გრიგოლ მახარაძემ.
ზვიად ერაძე, საბჭოს წევრი: “რეკომენდაციით უნდა მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რათა წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთ ხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში”.
საკითხის ირგვლივ დისკუსიის დროს გაჟღერდა სხვადასხვა მოსაზრება: გამოვლინდნენ ის ადამიანები, ვისაც ადრე ჰქონდათ სახლები (2007 წლამდე) და მათი სახლები მიჩნეულ იქნას, როგორც კანონიერი მშენებლობა, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში აშენებული სახლები მიჩნეულ იქნას უკანონოდ.
ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევდა, რომ ბოლო პერიოდში აშენებული სახლები უნდა დაინგრეს და ამ გზით ხელი შეეშალოს უკანონო მშენებლობის პროცესს.
გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონიერ და უკანონო მშენებლობებს შორის დიფერენცირება ადვილად მოხდება გენგეგმის შემუშავების შემდეგ (ძველად აშენებული სახლები დატანილი იქნება რუკაზე, ხოლო ახლები კი არა).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ თემა მტკივნეულია, რადგან, მისივე თქმით, სამართლებრივად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
“არანაირი კერძო საკუთრება მიწის სახით გომისმთაზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სახლები”, _ აღნიშნა შარაშენიძემ. მან, ასევე, ისაუბრა გენგეგმის აუცილებლობის შესახებ.
“როცა მოვლენები დამშვიდდება ქვეყანაში, პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთ, რათა დაიძრას პროცესები და შედეგი დროულად მივიღოთ. განაშენიანების გეგმა საშუალებას მოგვცემს, გამოისყიდონ ის მიწა, რომელზეც არის დამაგრებული სახლი, ხოლო პრობლემა შეექმნებათ იმ პიროვნებებს, ვისი სახლებიც ისეთ ტერიტორიაზე იქნება, სადაც განაშენიანება არ იქნება ნებადართული”, _ თქვა მერმა.
შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაცია: “მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რათა საქართველოს მთავრობასთან წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთ ხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში”.
“გურია ნიუსი” “ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის” საზოგადოების დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, არმაზ ახვლედიანს დაუკავშირდა და “გომისმთის” საკითხზე ესაუბრა:
“ხელისუფლებისთვის გომისმთა და ბახმარო საჯიჯგნი ლუკმაა _ კორუფციის დიდი წყაროა! მჯერა, ამ დანაშაულისთვის ბევრი დაისჯება, როცა შეიცვლება ეს უმსგავსო მმართველობა! მანამდე კი, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს ორი მარგალიტი, წინ უნდა აღვუდგეთ ამ დანაშაულებრივ პროცესს!” _ გვითხრა არმაზ ახვლედიანი.
ამჯერად გომისმთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერებულია, ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ მოსული თოვლია.