„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ბრალდება, რომ რუსეთი ბალტიის პირეთის ქვეყნების დაყოფას ცდილობს, დასავლეთის მხრიდან სამხრეთ ევროპის დესტაბილიზაცია და ვაშინგტონის ცივი ომის მენტალიტეტის გამოხატვაა“,_ აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
მაუწყებლის ცნობით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ტურის დასასრულს, მონტენეგროში კიდევ ერთხელ სცადა დაერწმუნებინა აღმოსავლეთ ევროპა, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების საკითხებში მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ნატოს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს.
„სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ ვაშინგტონი პრიმიტიული იდეოლოგიით, რომელიც რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია, ღრმად არის შეცურებული ცივი ომის ერაში“, _განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მაუწყებლის ცნობით, სამინისტრომ ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს შეწყვიტოს რუსეთის და მისი საგარეო პოლიტიკის ცილისწამება, რომელიც ითვალისწინებს მოკავშირეების პატივისცემას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობისთვის მზადყოფნას.
როგორც ცნობილია,აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი ოთხშაბათს მოაწერა, ამ ნაბიჯს კი მოსკოვმა რუსეთისთვის სავაჭრო ომის გამოცხადება და ამერიკის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედის დასასრული უწოდა.