ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას გაივლიან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გასაუბრებას სპეციალურად შექმნილი კომისია ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ იმუშავებს ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში და ვინ _ არა. დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ გაუქმებულიყო თვითმმართველი ერთეულები, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ამის მიუხედავად, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები, ოზურგეთშიც პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.
“გურია ნიუსთან“ კონფიდენციალურად საუბრობენ საჯარო მოხელეები, რომ მათ შესაძლოა სამსახური დატოვონ, რადგან არჩევნების გზით მოსული ახალი მერი, მოიყვანს თავის გუნდს. ამასთან დაკავშირებით კომენტარები ვთხოვეთ იურისტებს და ექსპერტებს:
საიას თვითმმართველობისა და საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი:
_ 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობას დაევალა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე გაუქმებულ და ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებში განესაზღვრა რიგი პროცედურები, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს წარდგინებით, გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი, რომლის მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები, რომლებიც პარლამენტის დადგენილებით გაუქმდა, გასაუბრებას გაივლიან და შეფასდებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგები გათვალისწინებული იქნება არჩევნების შემდგომ დაგეგმილი მობილობისას. დადგენილებით, ასევე განისაზღვრა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება და შეფასების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და აჩენს სუბიექტური გადაწვეტილების მიღების რისკს, რათა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მოხდეს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით: „საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.“
შესაბამისად, მობილობის განხორციელებისათვის კანონი არ ითვალისწინებს შეფასების განხორციელების საჭიროებას და მისი შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან ნებისმიერი პირი უნდა დაექვემდებაროს მობილობას მიუხედავად მისი შეფასების შედეგებისა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეფასების სპეციალური დროებითი წესის დადგენა მობილობის წარმართვის წინაპირობის სახით არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეფასება სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემაში, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან და შეფასების მინიმალური სტანდარტის მიხედვით: საჯარო მოხელისათვის წლის დასაწყისში ცნობილი უნდა იყოს შეფასების თაობაზე, შეფასების კრიტერიუმები და წესი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არის დაცული.
აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან ისინი დამატებით გაივლიან შეფასებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მობილობა უნდა განხორციელდეს:
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მობილობის ზოგადი წესის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით და საჯარო მოხელეების შერჩევა მოხდეს კონკრეტული ფუნქციებისა და სამუშაო აღწერილობების გათვალისწინებით;
•საჯარო დაწესებულებამ მოხელეთა შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოს ობიექტური კრიტერიუმები, როგორიცაა განათლება, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, დისციპლინური პასუხისმგებლობის არქონა და ა.შ. “_ ამბობს პავლიაშვილი.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა:
_ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (156-ე მუხლი) პირდაპირ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის დასაშვებ ზღვრებს და რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისს N987-II დადგენილება, ფაქტიურად, ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, ანუ რეორგანიზაციას გულისხმობს, დღის წესრიგში თავისთავად დადგა გასაერთიანებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ახალშექმნილ მუნიციპალიტეტებში მობილობის საკითხი. საგულისხმოა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ივლისადან ამოქმედდა, რეორგანიზაციას განმარტავს როგორც საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა; გარდა ამისა, რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაცია კი, თავის მხრივ, შესაძლოა მობილობის საფუძველი იყოს.
_ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალმა კანონმა, რომელიც 2017 წლის 1 ივლისადან ამოქმედდა, გარკვეულწილად, „დახურა“ გარეშე პირთა (უკვე არსებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა გარდა) წვდომა საჯარო სამსახურისადმი. რა იგულისხმება ამაში? დავიწყოთ იმით, რომ პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე. ამასთან, პირი, ძირითადში, მხოლოდ მეოთხე რანგის (ე.ი. უმცროსი სპეციალისტის დონის) მოხელის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ღია კონკურსის საფუძველზე. შესაბამისად, ახალშექმნილ მუნიციპალიტეტებში ამ სეგმენტში, ამ რანგის მოხელის თანამდებობებზე, პრინციპში, შესაძლოა, ახალი კადრები ვიხილოთ. რაც შეეხება უფრო ზედა დონის, ანუ მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობას (იგულისხმება, შესაბამისად, უფროსი სპეციალისტის, საშუალო და მაღალი მმართველობითი დონის მოხელის თანამდებობა), ამ რანგის მოხელის თანამდებობაზე მოხელე, როგორც წესი, ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ: ა) დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა; ბ) არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ, მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა. ასე რომ, მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე, ზოგადად, კია შესაძლებელი, მაგრამ მაინც ნაკლებად მოსალოდნელი და სავარაუდოა ახალი, გარეშე პირების დასაქმება“.