შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მოხდა. 8 მარტს, ქალთა დღის აღნიშვნის შემდეგ, 1975 წელს დაბადებულმა ქალბატონმა, ნასვამი მეგობარი, რომლის ოჯახშიც იმყოფებოდა გაძარცვა.
_ გოგოები სვამდნენ. ოჯახის დიასახლისმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მეგობარმა ოთახში შეიყვანა და სწორედ ამ დროს ყელზე ოქროს ყელსაბამი შეხსნა, _ გვითხრეს დაზარალებულების ახლობლებმა.
მათივე ინფორმაციით, მეორე დღეს გამოფხიზლებულმა გოგონამ მეგობარს მიაკითხა და ნაძარცვის დაბრუნება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ დაზარალებულმა პოლიციას მიმართა და საქმეც გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ დამნაშავე ერთხელ უკვე ნასამართლევია. როგორც გავარკვიეთ, მან 4 წლის წინ, ზუსტად იმ ოჯახში ჩაიდინა ქურდობა:
_ დიდი ხანია მეგობრობდნენ. 4 წლის წინაც მსგავსი ფაქტი მოხდა. ორი ოქროს ბეჭედი წაიღო სახლიდან. თუმცა, მერე შერიგდნენ, მაგრამ იგივე გაიმეორა, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას დაზარალებულის ახლობლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 178 მუხლითაა აღძრული, რაც ძარცვას გულისხმობს:
_ მხილებულია სავარაუდო ბრალდებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, _ გვითხრეს პრესსამსახურში.