რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისული პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სალარიძის მამის, ზაზა სალარიძის შეხვედრის ამსახველი ფოტო გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
პრემიერის წასვლიდან რამდენიმე წუთში ზაზა სალარიძემ განაცხადა, რომ პრემიერი მის მოსატყუებლად იყო მისული:
“პრემიერი მოვიდა არა იმიტომ, რომ თანაეგრძნო ჩემთვის, არა იმიტომ, რომ აუცილებლად დღესვე დაკავებული იქნებოდნენ ჩემი შვილის მკვლელები და მისი მფარველები, არამედ კიდევ უნდოდა, რომ მოვეტყუებინე, 6 თვე მატყუებენ,” _ განაცხადა სალარიძემ.
აქციიდან წასულმა პრემიერმა საზოგადოებას თავისი სათქმელი საგანგებო ბრიფინგზე უთხრა:
“ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში – მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.
მე ეს გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციები. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და მთლიანად პროცესს გავაკონტროლებ.
მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და ამ შემთხვევაში კარგიც იქნება, რომ უმრავლესობის სახით წარმოდგენილი იყოს უმცირესობა. კომისია მუშაობას დაიწყებს იმ უმოკლეს პერიოდში, რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.
მესამე საკითხი გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და უკვე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი მთავარი პროკურორის პიროვნულ რეპუტაციასა და პროფესიონალურ მახასიათებლებზე არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით და, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს.
ასევე მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური.
პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში, და ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი, თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე, ასევე – პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან.
ასევე მინდა, ბოლოს ის ვთქვა, რომ მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადაში გავცეთ პასუხი და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ” _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.