დღეს, თბილისში, სასტუმრო რუმსში 2017 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველადი შედეგები ჟურნალისტება გააცნეს.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და გაეროს განვიტარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნოლს სკოტმა წარმოთქვეს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საარჩევნო პროცესების განვითარებას.
„საარჩევნო მედიამონიტორინგი საქართველოში უკვე ტრადიცია გახდა. ძალიან გვეამაყება, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამასთან ერთად უკვე მრავალი წელია ამ მედიამონიტორინგს ვახორციელებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშო, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წინასაარჩევნო გარემოსთვის. წლევანდელმა მედიამონიტორინგმა აჩვენა საკმაოდ დადებითი ტენდენციები და ძალიან კარგი შედეგები. რა თქმა უნდა, გამონაკლისები და პრობლემები არსებობს. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს და მედიის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პრობლემებს. პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემები არის ყურადღება მისაქცევი. თქვენთან ერთად მოვისმინე მედიამონიტორინგის ანგარიში და იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს ქართული მედიის განვითარებას”, – განაცხადა ჰერმანმა.
რაც შეეხება 2017 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველად შედეგებს, მონიტორინგი 12 გაზეთსა და 19 ონლაინ მედია საშუალებაზე ივნისში დაიწყო და მასში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ინტერნიუსი-საქართველო და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არიან ჩართულები.
როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა, მონიტორინგისას ყურადღება ძირითადად რეგიონულ გაზეთებსა და ონლაინ გამოცემებზე იყო გამახვილებული.
„წელს რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ რეგიონულ გამოცემებზე, როგორც პრესაში, ასევე ონლაინ მედიაში. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული გაზეთების უმრავლესობა საკმაოდ კარგად მუშაობს და არ აღინიშნება დადებითი თუ უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. რაც მთავარია შეიმჩნევა სურვილი, რომ მკითხველს შესთავაზონ ხარისხიანი პროდუქტი, პროფესიულად მომზადებული და ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებენ კიდევაც, თუმცა გვაქვს გამონაკლისები. არის 2 გაზეთი, სადაც ძირითადად გვხვდება მთავრობის განცხადებები და ფასდება დადებითად, რაც ბადებს გარკვეულ შეკითხვებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შერჩეული გაზეთიდან არცერთში არ შეიმჩნევა შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ტერმინოლოგია და მიზან მიმართული შეტევა პოლიტიკოსებზე, როგორც თბილისში გამოცემულ რამდენიმე გაზეთში“_განაცხადა ჯოლოგუამ.
მისივე თქმით, ონლაინ მედიაში 2012 წლიდან მოყოლებული უმჯობესდება, თუმცა საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას ონლაინ მედიაში ამჟამად წარმოადგენს სარეკლამო სტატიების არასათანადოდ აღნიშვნა სარედაქციო მასალებისგან.
როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს.
„გურია ნიუსი“ იყო ერთ-ერთი იმ მედიასაშუალებებს შორის, სადაც დაგვხვდა საკმაოდ კარგი შედეგები, როგორც მიუკერძოებელი გაშუქების კუთხით, ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით, ვერ ვიტყვით, რომ შეინიშნებოდა რომელიმე პოლიტიკური ძალის ღია მხარდაჭერა ან პირიქით, კრიტიკა. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ხდებოდა სოციალური კვლევების გაშუქება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა არსებული პრობლემის გაშუქებისას გვხდებოდა ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და კიდევ ერთი ძალიან დადებითი მოვლენა, ტენდენცია გამოვლინდა. ის, რომ ძალიან ხშირად ხვდებიან ჟურნალისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ახსენებენ დაპირებებს და სთხოვენ პასუხს თუ რამდენად შესრულდა თუ ასრულდა დაპირებები, რომლებიც მათ წინასაარჩევნო პერიოდის დროს მისცეს მოსახლეობას“,_ამბობს ჯოლოღუა.