დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
როგორ იცავენ ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში დაწესებულ რეგულაციებს, როგორი განწყობა აქვთ მშობლებს და როგორია აქტივობა საბავშვო ბაღის გახსნის პირველ დღეს _ ამის გასარკვევად „გურია ნიუსის“ გადამღები ჯგუფი რამდენიმე საბავშვო ბაღს ეწვია.
ჩოხატაურის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება “მომავალის” დირექტორის, ნინო ბარამიძის ინფორმაციით, 20 საბავშვო ბაღში 178 აღსაზრდელი მივიდა.
ჩოხატაურის 1-ელი ბაგა-ბაღის გამგე, მარინე დოლიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს 10 საათისთვის ბაღში, დაახლოებით, 17 აღსაზრდელი იყო მისული და ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამდენის მისვლასაც არ ელოდა.
„პირველი დღისთვის ამდენსაც არ ველოდი, რამდენიც მოვიდა. ამჟამად 17 ბავშვია. 3-4-ს კიდევ ველოდებით. ხვალ, ზეგ კიდევ უფრო მეტი მოვა, ასე ვფიქრობ. შემოსასვლელში თერმოსკრინინგს ატარებენ, ბავშვებს ხელებს უმუშავებს სპეციალური ხსნარით, ყველა პირბადეებით ვართ. ზოგ მშობელს ეშინია ბავშვის ბაღში გამოშვება. მე ამას ვურჩევდი, რომ ბავშვი თუ ჯანმრთელია, სიცხე არ აქვს, ოჯახში არ არის კოვიდი, აქ პრობლემა ბავშვს არ შეექმნება. ჩვენ ყველა ყოველ 14 დღეში ერთხელ ვიტარებთ ტესტირებას. შენობაში შემოსულ ბავშვს არაფერი დაემართება. მთავარია, არ შემოგვეპაროს. მშობლებს თუ არ აქვთ საინკუბაციო პერიოდი გავლილი, ასეთი ბავშვი საბავშვო ბაღში არ მოგვიყვანონ. სულ 106 აღსაზრდელი გვყავს სიით, მაგრამ ერთხელ რომ გავიხსენით 70 ბავშვი მოვიდა, მერე კიდევ დავიკეტეთ. მეორე გახსნაზე ცოტა მოვიდა“,_ გვითხრა მარინა დოლიძემ.
ჩოხატაურის #1-ელ საბავშო ბაღში მისულებს კი ბავშვთა გაერთიანების დირექტორი შეგვხვდა, რომელიც აკვირდებოდა, თუ როგორ იცავენ ბაღის თანამშრომლები პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ რეკომენდაციებს.
„ყველანაირი ზომა მივიღეთ. შესვლის წუთიდან იგრძნობა დისტანციის ყველა მაჩვენებელი. ეკიპირებულია ყველა თანამშრომელი, რომელმაც უნდა მიიღოს ბავშვები. ყველა მოცემული რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და ვფიქრობ, მზად ვართ ბავშვების მისაღებად. ამ წუთის მდგომარეობით, 10 ბავშვია მოსული. ეს ბაღი არის 4-ჯგუფიანი. მშობლის არჩევანია, დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოუშვენებენ თუ არა ბავშვებს, მაგრამ ჩვენ ვურჩევდით, რომ მოიყვანონ ბავშვები ბაღში“,_ გვითხრა ნინო ბარამიძემ.
ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა კი კითხვაზე, თუ რამდენად არის დაცული საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები გვიპასუხა:
„ბავშვებს შესვლისას ტემპერატურა გაუზომეს, ხელები დაუმუშავეს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. გვიხარია, ბაღი რომ დაიწყო, ბავშვები გახალისდებიან, ისწავლიან“.