ბევრი წელია, რაც ლანჩხუთში, ქალაქში სოფლიდან ჩამოსულ მოსახლეობას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, მოსაცდელის პრობლემა აწუხებს. იმ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მიკროავტობუსები ჩერდება, მგზავრებს ავდარსა თუ თაკარა მზეში ღია ცის ქვეშ უწევთ ტრანსპორტისთვის ლოდინი.
„ჩვენ თუ არ შევაწუხეთ არ ავტეხეთ განგაში და არ ავატალახეთ მერიის კარები, ვინმე ვერ უნდა მიხვდეს ხელისუფლებაში, რომ იქ სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, მოქალაქეებს მოსაცდელი ჭირდებათ?! წლებია ამას არავინ აქცევს ყურადღებას, არც წინა და არც ახლანდელი. ალბათ, იმიტომ, რომ მათ უმეტესობას საკუთარი მანქანები ყავთ და ვერ წარმოუდგენიათ რას ნიშნავს ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ყურყუტი ტრანსპორტის მოლოდინში, თან სიცივესა და წვიმაში, თავზე თქეში წვიმა რომ გესხმება,“- ამბობენ ის მოქალაქეები, რომელთაც ხშირად უწევთ სხვადასხვა საქმეებზე სოფლიდან ჩამოსვლა და წლებია აწუხებთ ზემონახსენები პრობლემა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პრობლემა ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემაც გააჟღერა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საკრებულოს სხდომაზე და მოქალაქეებისა და საკუთარი გულისტკივილი გააცნო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ მაღალჩინოსნებს. თუმცა, მაშინ კონკრეტული პასუხი არ გაჟღერებულა პრობლემასთან დაკავშირებით.
შედის თუარა ადგილობრივი ხელისფლების გეგმაში უხლოეს მომავალში ქალქის იმ ტერიტორიაზე, სადაც სოფლებიდან ცამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყრის თავს, მოქალაქეებისთვის მოსაცდელის მოწყობა, _ ამის გარკვევას „გურია ნიუსი“ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში შეეცადა.
როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ჩხაიძემ გვითხრა, ინფრასტრუქტურულ სამსახურს ჯერჯერობით მერიისგან დავალება არ მიუღია ქალაქში მოსაცდელის მოწყობასთან დაკავშირებით.
„მერიისგან დავალება უნდა მივიღოთ, რომ რაღაც პროგრამაში ჩავსვათ. კარგი იქნება მოქალაქეებმა მერიას ოფიციალურად მიმართონ ამასტან დაკავშირებით. ჩვენ მოსაცდელის ტიპიუტი პროექტიც გვაქვს, ისეთი როგორც სოფელ გვიმბალაურში, საფეხბურთო აკადემიის მიმდებარედაა გაკეთებული. საკმაოდ ლამაზია შესახედავადაც. მთავარია მე მივიღო დავალება ჩემი ზემდგომისგან, მათთან კი მოქალაქეებისგან უნდა შევიდეს მოთხოვნა“-გვითხრა ლევან ჩხაიძემ.