პარიზში ყოფნის დროს როსინის ერთი სასაცილო ამბავი შეემთხვა.
ერთხელ სახლის ფანჯრების ქვეშ, რომელშიაც დაბინავდა როსინი, გაისმა ძველი არღნის ყალბი ხმა. ერთი და იგივე მელოდია მეორდებოდა რამდენიმეჯერ და მხოლოდ ამის წყალობით გაოცებულმა როსინიმ იცნო თავისი ოპერა „ვილჰელმ ტელის” უვერტიურის წარმოუდგენლად დამახინჯებული თემა.
უსაზღვროდ განრისხებულმა გააღო ფანჯარა და ის- ის იყო აპირებდა მეარღნის გაგდებას, რომ უეცრად ერთმა აზრმა გაუელვა თავში. მან მხიარულად დაუყვირა ქუჩის მუსიკოსს, ზემოთ ამოსულიყო.
– მითხარი, მეგობარო, შენ იცნობ გალევის მუსიკას? – შეეკითხა მეარღნეს, როდესაც ის კარებში გამოჩნდა.
– ვინ არ იცნობს „კარდინალის ქალიშვილს”?
– შენ იცი სად ცხოვრობს იგი?
– რა თქმა უნდა. ეს ყოველმა პარიზელმა იცის!
– ძალიან კარგი. აი, შენ ფრანკი. წადი და დაუკარი მისი რომელიმე ნაწარმოები სწორედ ისევე, როგორც შენ უკრავდი ჩემს მუსიკას. ერთი და იგივე მელოდია არანაკლებ ექვსჯერ, კარგი?
მეარღნემ გაიცინა და თავი გააქნია:
– არ შემიძლია. მე ხომ სწორედ ბატონმა გალევიმ გამომაგზავნა თქვენთან. მაგრამ იგი თქვენზე კეთილია, მთხოვა, დამეკრა თქვენი უვერტიურა მხოლოდ სამჯერ.