Deutsche Welle-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ბლოგერების და სოციალური მედიის მომხმარებლების „უცხოეთის აგენტებად” დაარეგისტრირებს.
როგორც გამოცემა იუწყება, კანონი შეიძლება გავრცელდეს ყველაზე, ვინც მედია საშუალების მიერ გამოქვეყნებული მასალის შინაარსს ავრცელებს და საზღვარგარეთიდან ფინანსდება. კანონი უმეტესად საერთაშორისო მედიაზეა გათვლილი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მსგავს ნაბიჯზე რეაგირებაა, რომლის სამიზნესაც RT და SPUTNIK წარმოადგენდა.
ფიზიკური პირები კი დამატებით მოხვდებიან ყურადღების ცენტრში და შემოწმდებიან.
აღნიშნულ კანონს ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით კი, ცვლილება „სრულყოფილს” ხდის კანონმდებლობას “უცხოეთის აგენტების” შესახებ.
ცნობისთვის, 2012 წელს რუსეთში შემოიღეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოელ აგენტებად“ დარეგისტრირებას ითვალისწინებდა.