ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა შიდა თათბირი, სადაც ახალი შპს-ს შექმნას და ყარამანიშვილების მიერ შეთავაზებული წილების გადანაწილების პროცესს განიხილავდნენ, გუშინ ეთერში გაუშვა.
“იმისთვის, რომ ეს 51 პროცენტი იყოს რუსთავი ორელების მყარად, ეს 51 პროცენტი უნდა ეკუთვნოდეს “შპს რუსთავი 2 ჩემია” – ასე გადავწყვიტეთ ერქვეს. რასაც გადაწყვეტს ეს შპს იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ამ საკითხზე შევთანხმდით, ახლა შევთანხმდეთ ვინ უნდა იყოს ეს შპს. აქაც არის სპეკულაციები, რომ თითქოს მე არ მინდა ვინმე იყოს და მინდა ვიღაცეები. ორი ვარიანტია, ან იყოს ფართო წარმომადგენლობა თქვენი 20-30 კაცი, ან იყოს ყველა. ყველა ნიშნავს, რომ თითოს ექნება 0,001 % და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება ასეთ შემთხვევაში. ეს იქნება რეალურად დასუსტება. ამიტომ გადავწყვიტოთ, ათასი ადამიანი ვიყოთ თუ კვოტირებულად: პროდაქშენმა წარადგინოს ამდენი ადამიანი, კურიერმა ამდენი, მენეჯმენტმა ამდენი და ა.შ” _ მიმართა გვარამიამ თანამშრომლებს.
გვარამიამ დაფაზე იმ ადამიანების გვარები ჩამოწერა, რომლებიც იმ შპს-ს წარმომადგენლობაში უნდა შევიდნენ, რომელიც ხვალ უნდა დაფუძნეს. ამ ადამიანებს შორის მოხვდნენ: ზაალ უდუმაშვილი, მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ნინო არაზაშვილი, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ნოდარ მელაძე, თამთა მურადაშვილი, დემნა ჯაფარიძე, კაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ხაბურზანია, პაატა იაკობაშვილი, ეკა სარია და თავად ნიკა გვარამია.
შიდა თათბირს რუსთავი 2-ის პრაიმტაიმის თითქმის ერთი საათი დაეთმო და როგორც გაირკვა, ამის შესახებ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობას ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ჟურნალისტები ამ ფაქტმა იმდენად გააღიზიანა, რომ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დირექტორს ღიად დაუპირისპირდნენ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ” წამყვანი: “ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის. ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?
როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს. ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები (ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.
და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს. ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს (მართლა ბრძენია მგონი.)
მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.
მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. “წილები გადმომიფორმეს” და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა. და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში...” _ წერს ჟორჟოლიანი.
ამ პოსტს ვანო ჯავახიშვილი გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
“სრულიად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ნანუკა. სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკითხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის. ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება. ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია! პ.ს. ამ პოზიციას იზიარებს ვანო ჯავახიშვილიც,” _ აღნიშნულია კომენტარში.
თამარ ბაღაშვილი: ბიძო თბილისშია? პოპ-კორნი მინდა ავუტანო!
თენგო გოგოტიშვილი: “Discovery Channel”-ის წილს კი ჩაიჯიბავდა კაცი ახლა! ერთი 30-40%”
თეა ადეიშვილი: “No comment!!!”
მაია ასათიანი: მე – მაია ასათიანმა არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის, არხის შიდა თათბირი ეთერში თუ გადიოდა.
პოსტებს პოსტით გამოეხმაურა ნიკა გვარამია: “ადამიანები, ვისაც ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენის – კოლექტივისთვის მედიის გადაცემის პროცესის გასაჯაროება ბინძური თეთრეულის გამოფენა გონია, პირადად მე არც თუ მთლად ადეკვატური მგონია. და ეს ადამიანები თუ ჟურნალისტები არიან, მით უფრო.
და კიდევ სხვა რ2ელებს, ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ. პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2ის თავისუფლება რაღაა მაშინ? ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია.
უბრალოდ, უმრავლესობა წყვეტს, რაც სხვებს აზრის გამოთქმის უფლებას ვერამც და ვერამც ვერ წაართმევს!
წარმატებები ყველას ჩვენ ერთად!” _ წერს გვარამია.
გვარამიას კომენტარს ჟორჟოლიანის კომენტარი მოჰყვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ “მტერს საქილიკო არ უნდა მისცენ”
“მე ღიად დავაფიქსირე ჩემი აზრი და განახეთ რომ მარტო არ ვარ. ჩვენი საქმე ჩვენია და მტერს საქილიკო არ უნდა მივცეთ.
კომენტარები წავიკითხე თითქოს დაპირისპირებაა. არა ბატონებო. ჩვენ დიდი გოგოები და ბიჭები ვართ და როცა რაღაც არ მოგვწონს, გვაქვს უფლება ვთქვათ და გავემიჯნოთ. ამით გავნსხვავდებით სხვებისგან“, _ აღნიშნავს ჟორჟოლიანი.