თბილისის საქალაქო სასამართლოს რვა მოსამართლე ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობას“ ტოვებს და მიმართვას ავრცელებს.
“გურია ნიუსი“განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2017 წლის 30 მაისს, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ გარკვეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებას და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას“, _ აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ მოსამართლეები: თამარ ჭუნიაშვილი, ცისანა სირბილაძე, შორენა გუნცაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, მაია შოშიაშვილი, ასმათ კოხრეიძე, შორენა ჯანხოთელი და ანა ჩოგოვაძე.
შეგანხსენებთ, რომ ასოციაცია – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ ჯერზეც ვერ უზრუნველყო საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ნაბიჯების გადადგმა. მათი განცხადებით, “სიახლე არ არის, რომ მოქმედი საბჭოს საკადრო პოლიტიკა მიმართული იყო განსხვავებული აზრის ღიად დამფიქსირებელი მოსამართლეების განდევნისა და სისტემაში უკონკურენტო გარემოს შენარჩუნებისკენ”.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “მიუხედავად საკანონდებლო ცვლილებისა, რომლითაც საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა განსხვავებულად მოწესრიგდა, იუსტიციის საბჭომ მაინც შეძლო და პროცესი სრულად წინასწარშექმნილი განწყობებით წარმართა, მაქსიმალურად „ისარგებლა“ ყველა იმ საკანონკმდებლო ხარვეზით, რომელიც მას სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევდა”.
ამავე თემაზე:
რაში ადანაშაულებს “მოსამართლეთა ერთობა” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს