“ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი, ევროპული დემოკრატია, სადაც ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები. იმედი გვაქვს, ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის. ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„დღეს, საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო ივანიშვილის ძალების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხი მასობრივ დარბევაზე. ეს არის ნიკა მელიას, ოპოზიციური ერთობის და ქართველის ხალხის მართლაც დიდი გამარჯვება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, რადგან ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომელიც მას მოპარეს გასული წლის ოქტომბერში, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს საჭიროა, სიფხიზლე, რადგან თავგაცხელებული ადამიანები იქ საკმარისზე მეტია, ვინც შეიძლება მაინც ჩაიდინოს რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“მინდა, ასევე მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის. აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც შეიქმნებოდა ასეთი სიტუაცია, როდესაც პრემიერი გადადგა და არის მმართველ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების უზურპატორ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. საქართველო რით არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები, თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა. თუ თქვენ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ არაფორმალურად, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო. ამიტომ, ახლა თქვენც უნდა აირჩიოთ, რადგან ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ გვიყურებდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანად. ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი, ევროპული დემოკრატია, სადაც ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილების მიმართ.ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.