პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე უკარინაში მიხეილ საკაშვილის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბერიძე აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები დასავლეთთან შეთანხმების გარეშე არ წყდება.
„სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ის ორმაგ თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ, მისი ქმედება ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელიც უკრაინაში საკუთარი მიზნების გახორციელებას ვერ ახერხებს. მეორე მხრივ, თუ დესტაბილიზაცია არ მოხდა უკრაინაში და პოლიტიკური კლასი არ შეიცვალა, დასავლეთი საკუთარი ინტერესების გატარებას ვერ შეძლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გამოყოფს დიდ ფინანსებს უკრაინის განვითარებისთვის იმ შემთხვევაში თუ ფინანსები უკრაინელი ოლიგარქების ჯიბეებში დაილექება. ამიტომ ორივე მხარე აქტიური მხარდამჭერია სააკაშვილის. როცა ორი დიდი ქვეყნის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, წინ ვერაფერი დაუდგება ცვლილებებს, რომლის განმახორციელებელი მიხეილ სააკაშვილია. უკრაინა სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილებას, ყველა შემთხვევაში, დასავლეთის ნებართვით ახორციელებს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ პოროშენკო ცდილობს, სააკაშვილისგან არჩევნების წინ გმირი არ შექმნას და ანგარიშს უწევს დასავლეთს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს. ჩემი აზრით, სააკაშვილი არენაზე დარჩება, რადგან არც დასავლეთს აძლევს ხელს ვითარების ასე გაგრძელება და არც _ რუსეთს, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა გარკვეული სვლები სააკაშვილზე ზეგავლენის მოსახდენად. გავიხსენოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. ბოლოს შედეგების მიხედვით, ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ დამთავრდა. სააკაშვილის ორმაგი თამაში ისევ გაგრძელდება“, _ განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს.