პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს. როგორც ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში არ იზიარებენ. ,,ქართული ოცნების“ წევრი ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ სწორი იქნებოდა თუ საქართველოს პრეზიდენტს არა საარჩევნო კოლეგია, არამედ პარლამენტი აირჩევს. მისი თქმით, ასეთ საკითხზე პასუხისმგებლობა ერთადერთმა პოლიტიკურმა ცენტრმა პარლამენტმა უნდა აიღოს.
,,მე ვთვლი, რომ გერმანული მოდელი იქნებოდა საუკეთესო, სადაც მხოლოდ პარლამენტი, როგორც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანო ირჩევს პრეზიდენტს. ქვეყანას აქვს ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი და ეს არის პარლამენტი, არც საკრებულო და არც სხვა ორგანო არ გახლავთ პოლიტიკური ორგანო. შესაბამისად, ასეთ საკითხზე, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა ცენტრმა და ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი, მაგრამ რამდენადაც საქართველოს პოლიტიკა ითხოვს კომპრომისებს და ეს კომპრომისული გადაწყვეტილება გახლავთ ის, რაც დღეს იურიდიულ კომიტეტზე იქნა გახმოვანებული, რომ მოხდეს კოლეგიის ფორმირება. კოლეგიის ფორმირებაში, ცხადია, პრობლემებს ვერ ვხედავ, თუმცა, გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა ინსტიტუციონალური, პრეცენდენტული თვალსაზრისით, პარლამენტს აერჩია“, _ განცხადა ზაზა გაბუნიამ.