2021 წლიდან დედაქალაქის ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადართვა იგეგმება. ფრანგული კომპანია „სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას იმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება.
შიდასაქალაქო ტრანსპორტის ქსელის რექონსტრუქტურიზაციაზე მომუშავე ჯგუფი ამბობს, რომ სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტი დედაქალაქში ქაოსს ქმნის.
როგორც რამდენიმე დღის წინ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა, ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დედაქალაქში არ გადაადგილდებოდეს და რეგიონებიდან ჩამოსული მგზავრები დედაქალაქის შემოსასვლელთან დადგენილ სატერმინალო სადგურზე დატოვოს, საიდანაც ისინი მგზავრობას თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გააგრძელებენ.
„მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება“ ,_ამბობს აბესაძე და აღნიშნავს, რომ „ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 150-მდე ავტოსადგურია. აქედან, 27 _ დედაქალაქში მდებარეობს.
ეკონომიკის სამინისტროში საუბრობენ კანონპროექტზე, რომელიც 2020 წლიდან ავტოსადგურების ლიცენზირების პირობების გამკაცრებას და მათ კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
თუმცა, „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა მოსაზრება, ხომ არ მოხდება ავტოსადგურის გადატანა დედაქალაქის შემოსასვლელებთან, რადგან როგორც განცახდებაშია აღნიშნული, საქალაქთაშორისო ტრანსპორტს დედაქალაქში გადაადგილება აღარ შეეძლება.
როგორც „გურია ნიუსს“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, რეგიონებიდან ტრანსპორტის შემოსვლა მოხდება თბილისში არსებულ ავტოსადგურებში, საიდანაც მგზავრები შიდა საქალაქო ტრანსპორტში გადასხდებიან და ამ კუთხით არაფერი შეიცვლება.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ავტობუსები იქნება თუ მიკროავტობუსები იმოძრავებენ ავტოსადგომების მიმართულებით, მგზავრებს ჩამოსვამენ ავტოსადგურებში და ავტოსადგურებიდან მგზავრები გადასხდებიან შიდასაქალაქო ტრანსპორტში. მაგალითისთვის, თუ ავტობუსი შემოდის თბილისში და მისი გაჩერების ადგილია დავუშვათ დიდუბის ავტოსადგური, შემოვა თბილისში, გაჩერდება დიდუბის ავტოსადგურში, ჩამოსვამს მგზავრებს და ისინი გადასხდებიან მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა თუ მეტროში“,_ ამბობენ სატრანსპორტო საქალაქო სამსახურში.
კომპანია „სისტრა“ კვლევას წლის ბოლომდე დაასრულებს და დედაქალაქის მერიას წარუდგენს, რის შემდეგაც, საზოგადოებისთვის გადაწყდება თუ რა და როგორ შეიცვლება საქართველოს დედაქალაქში.