წინა არჩევნებთან შედარებით ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერობის და მაჟორიტარი-დეპუტატების კანდიდატების პლაკატების სიმცირეა. ეს სიმცირე შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ხშირია ფაქტი, როდესაც ერთ დღეს გაკრული პლაკატი მეორე დღეს ჩამოხეულია ან დაზიანებული.
“ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ისინი პირველები იყვნენ ვინც პლაკატების გაკვრა დაიწყეს და ამ ეტაპზე სავალალო მდგომარეობაა.
“ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს პლაკატების ჩამოხევა, მაგრამ, სამწუხაროდ, მრავლად ხვდება ჩვენს მიერ გაკრული პლაკატები ჩამოხეული და დაზიანებული. ამ ყველაფერმა მასობრივი სახე მიიღო. პლაკატი არის საინფორმაციო ხასიათი და რას ერჩიან, ვერ ვხვდები, ერთხელ და სამუდამოდ ხომ მივხვდეთ არ უნდა დავაზიანოთ პლაკატები“, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმმა.
ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის პრესსამსახურის უფროსი თამთა ჩხაიძე ამბობს, რომ სადაც ჩამოხეული იყო პლაკატები, თავიდან გააკრეს.
“პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით არავისთვის არ მიგვიმართავს, რადგან ყოველდღე აქტიური შეხვედრები გვაქვს ამომრჩეველთან. სადაც იყო ჩამოხეული პლაკატი, თავიდან გავაკარით. იყო შემთხვევა, როდესაც კონსტანტინე შარაშენიძის პლაკატზე სხვა კანდიდატის პლაკატი იყო გადაკრული“, _ თქვა თამთა ჩხაიძემ.
“პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, შოთა გოგიბერიძის თქმით, პლაკატების უმეტესეობა კოკისპირულმა წვიმებმა დააზიანა და ასევე ადამიანების ჯგუფმა.
“სოფლებიდან მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გაკრული პლაკატები ჩამოხეული ხვდებოდათ მეორე დღეს. ბოლო დღეებში ამ ყველაფერს კოკისპირული წვიმები და სტიქია დაემატა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში პლაკატების ჩამოხევაზე გვიწევს საუბარი“, _ აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს შოთა გოგიბერიძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად ხდება პლაკატების ჩამოხევა:
“მინდა გითხრათ, რომ მასობრივად ხდება ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების პლაკატების ჩამოხევა. მათ შორის, ჩვენი კანდიდატის თორნიკე გოგუაძის პლაკატის განადგურება. ეს მიუთითებს იმას, რომ ამ მიმართულებითაც მავნებლობს და ანადგურებს პლაკატებს სახელისუფლებო გუნდი. არის ფაქტები, როდესაც თორნიკეს პლაკატზე გადაკრული სხვა ოპოზიციური მერობის კანდიდატის პლაკატი და ასე პროვოკაციულ ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბში პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებენ.
“თუ ვინმეს აქვს ფაქტი, რომ ამ ყველაფრის უკან ჩვენ ვდგავართ, დადონ ფაქტები, მაგრამ მსგავსი რამე ნამდვილად არ არსებობს. ხშირია ფაქტები იმისა, რომ ბეგლარ სიორიძის პლაკატები დაზიანებული გვინახავს ან კიდევ სხვა მერობის კანდიდატის პლაკატია გადაკრული“.
“ლეიბორისტების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი დავით მამალაძე “გურია ნიუსთან“ ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს: “სად მაქვს პლაკატები?! თბილისიდან გამომიგზავნეს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის პლაკატები და ის გავაკარით. ჯერჯერობით, არცერთი პლაკატი ჩამოხეული არ არის.