საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციური უწოდა, _ ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა „გურია ნიუსთან“ განაცხადა.
უწყების, პრესსამსახურის განმარტებით, თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოთხოვნებს. “საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება, არის მცდელობა, შელახოს კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში.
,,1986-1992 წლებში დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. მინდა აღვნიშნო, რომ კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის. შესაბამისად, კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს”, _ ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივი განცხადებით, 2014 წელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი. თუმცა, როგორც აღმასრულებელმა, ასევე, საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლეს, როდესაც დარწმუნდნენ ხელოვნურად იყო აჟიოტაჟი შექმნილი, ის კომისიის წევრად აირჩიეს.
,, კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს, რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერ- მინისტრს კონტრასიგანციის მისაღებად , მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კონტრასიგანაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით იქნა 2014 წელს კახა ბექაური კომისიის წევრად 83 ხმით 6 წლის ვადით არჩეული. 2014 წელს სწორედ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს“, _ განმარტავს პრესსამსახური.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”, 11 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
,,ჩატარებული კვლევის თანახმად, დადგინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, თანამდებობისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხის არ გააჩნია. კერძოდ, ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისათვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათალების ხარისხს ითხოვს“, _ ნათქვამია კვლევაში