2016 წელს, ჯამურად, „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 321,758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 6.0%-ით აჭარბებს 2015 წლის, ხოლო 11.2%-ით 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წელთან შედარებით 5.1%-ით (3,734 ათასი ლარით) შემცირდა, მაშინ, როდესაც დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა 9.5%-ით (21,923 ათასი ლარით) გაიზარდა, _ ამასთან დაკავშირებით, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაშია აღნიშნული.
მოხსენების თანახმად, მთავრობის 2014 წელს მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა დარეგულირებულიყო პრემიების გაცემის წესი, არ სრულდება და კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა.
ასეთ უწყებებად დასახელებულია შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროები. როგორც დასკვნაშია მითითებული, ამ სამინისტროების მხრიდან ხდებოდა დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით პრემიების გაცემა და ამის ფონზე ყოველწლიურად იზრდება პრემია-დანამატების თანხის რაოდენობა.
„გარკვეულ შემთხვევებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პრემიის გაცემა ხდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე ან მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მუხლის მითითებით, რაც ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზთანაა დაკავშირებული. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების მიხედვით48 , „პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ“. აღნიშნული რეგულაციით განსაზღვრული პრემიის გაცემის დასაბუთებაში მისათითებელი მონაცემები ნაკლებად ინფორმატიულია და არ იძლევა საშუალებას დადგინდეს, თუ რა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება იქნეს მიღებული დასაქმებული პირის წახალისების გადაწყვეტილება.
ანალოგიურად, ხარვეზები ვლინდება დანამატების გაცემის შემთხვევაშიც. კერძოდ, რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დანამატის გაცემის ფაქტი დასაბუთებულია დანამატის მიმღები პირის ზეგანაკვეთური მუშაობით ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვით, თუმცა, უწყებების მიერ ვერ ხდება აღნიშნული ფაქტებისა და დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა“, _ ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, „ასევე, საყურადღებოა, რომ გრძელდება გასულ წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, რის შედეგადაც რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში უფლებამოსილი პირის ერთი ბრძანების საფუძველზე, ადგილი აქვს კონკრეტულ თანამშრომლებზე წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტებს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს ვიდრე დანამატის“.
„რამდენადაც დანამატი წარმოადგენს მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში გასაცემ ფულად ჯილდოს , სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მისი წინასწარ, მთელი წლის მანძილზე დანიშვნა, გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება.
მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის 2016 წლის 14 იანვრის N14 ბრძანებით, სამინისტროს თანამშრომლებზე გაიცა იანვრის თვის დანამატი, რომლის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა – „შრომის ანაზრაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომია“. ხოლო, მინისტრის 12 თებერვლის N83 ბრძანების მიხედვით, სამინისტროს თანამშრომელს დაენიშნა ფიქსირებული ყოველთვიური დანამატები მთელი წლის განმავლობაში, ჯამურად თვეში 41,581 ლარის ოდენობით. თუმცა, მინისტრის ბრძანებების გარდა არ არსებობს რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია, სადაც თითოეული თანამშრომლის შემთხვევაში დადასტურებული იქნებოდა ის კონკრეტული გარემოებები, რომელთა არსებობაც დანამატების გაცემის წინაპირობას წარმოადგენს;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში დასაქმებულთათვის დაწესდა ყოველთვიული სახელფასო დანამატი, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს საშუალოდ 342 თანამშრომელზე ყოველთვე გაიცემოდა დანამატი, ჯამურად 1,578 ათასი ლარის ოდენობით წლის განმავლობაში. თუმცა, სააგენტოს მიერ აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ბრძანებებისა და მოხსენებითი ბარათები მიხედვით, არ არის დასაბუთებული სახელფასო დანამატის გაცემა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოში პრემიის გაცემის შემთხვევაში არ ხდება დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და 2016 წელს 105 ათასი ლარის ოდენობით გაცემული პრემიების მოხსენებითი ბარათები არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებებს“, _ ნათქვამია ანგარიშში.
ანალოგიური დარღვევებია გამოვლენილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატშიც, სადაც მინისტრის ბრძანებით 159 თანამშრომელზე დანიშნულია ყოველთვიური ფიქსირებული დანამატები (თავდაპირველად 6 თვით, შემდეგ კი 3-3 თვით) თანამდებობრივი სარგოს 45%-დან 100%-მდე, ყოველთვიურად ჯამში 99,362 ლარის ოდენობით.
„ანალოგიურად, სამინისტროს ფარგლებში შემავალი სსიპ–ების თანამშრომლებზე უწყების ხელმძღვანელის ერთი ბრძანების საფუძველზე წინასწარ მთელი წლით განსაზღვრულია დანამატები თანამდებობრივი სარგოს 20%-დან 70%-მდე, ჯამურად 607 თანამშრომელზე, ჯამურად 174,460 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დანამატის გაცემის შემთხვევაში ზეგანაკვეთური მუშაობის, ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდება და ორგანიზაციას არ გააჩნია თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, რაც უზრუნველყოფდა პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების გამჭვირვალობასა და დასაბუთებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს აპარატს, მინისტრის ბრძანებით 220 თანამშრომელს დაენიშნა ყოველთვიური დანამატი თვეში ჯამურად 191.5 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა, არც ბრძანებით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით, პერსონალზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქციები დაკონკრეტებული არ არის;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მინისტრის ბრძანებით დაწესებულია სპეციალური დანამატები. აღნიშნული მიზნობრიობით 2016 წლის განმავლობაში ჯამურად მიმართული იქნა 7,563 ათასი ლარი. თუმცა, სპეციალური დანამატის დაწესების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებულია მხოლოდ დანამატის დაწესების თარიღი და არ არის განსაზღვრული, თუ რა პერიოდით იქნა დაწესებული ეს დანამატი. კერძოდ, დანამატი ინიშნება განუსაზღვრელი ვადით და მის გაუქმება ხდება ასევე ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებებით არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის აუცილებლობა და ისინი, თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებენ; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის №01/114 ბრძანების საფუძველზე, 23 თანამშრომელს დაენიშნა დანამატი წინასწარ მთელი წლის განმავლობაში, ჯამურად თვეში 31,620 ლარის ოდენობით“, _ ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახური საჯარო უწყებებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს და აცხადებს, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება არ შეიძლება.