მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას.
“საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!”-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ – „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა – პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.
„ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. (R)