ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ვალდებულებებს წარმატებით ახორციელებს და წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფის პროცესში.
თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ძირითადი აქცენტი კეთდება ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას.
ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციის მენეჯერის მიკოლაი ბეკასიაკის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას.
“2014 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველო ევროკავშირის პარტნიორია. ევროკავშირი მრავალმხრივ მოქმედებას ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის თითოეული მათგანის მხარდაჭრრა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს წვლილი მიუძღვის ცენტრალური აფრიკის თუ უკრაინის სამშვიდობო მისიებში, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვართ.“ – განაცხადა მიკოლაი ბეკასიაკმა.
2015 წლის 16 მარტს კი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია დაიწყო. მისიის მიზანს შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარება წარმოადგენდა.
გენერალური შტაბის G5 სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერი ვიცეპოლკოვნიკი არჩილ ჯეგაძის განმარტებით, საქართველოს მოკავშირე ძალებთან თავსებდობის კუთხთ, სამშვიდობი მისიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია
,,ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღება, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მოკავშირე ძალებთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზირისით, ასევე ჩვენი სამხედროები დიდ გამოცდილებას იღებენ“, – განაცხადა არჩილ ჯეგაძემ.
2016 წლის ივლისიდან, ასევე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დაიწყო ევროკავშირის საწვრთნელი მისია. რომლის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა. მისი ხანგძლივობა კი 2 წლით განისაზღვრა. მასში ქართული ოცეული 2017 წლის თებერვლიდან ჩაერთო. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის დასრულებამდე დარჩებიან.