საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა! საქართველოს და ლიტვის ნარკების ბოლო დაპირისპირებები უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა.
ასე იყო ახლაც და საბედნიეროდ გამარჯვებული ამჯერად საქართველო გამოვიდა, რომელმაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო! თამაშის საწყისი წუთები და მეორე ნახევარიც ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობდა და სამწამიანშიც აგროვებდა ქულებს, ძირითადად იონას ვალანჩუნასის დახმარებით.
ამ ყველაფერს გიორგი ცინცაძის ტრამვა დაემატა და ისე ჩანდა, რომ ჩვენი გუნდი მატჩის გადარეჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ, საოცარი, ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვერც მოტეუნასმა და ვერც კუზმინსკასმა ვერ შეაჩერეს, ორივემ მატჩი 4-4 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. თორნიკემ 29 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
მესამე პერიოდის მიწურულს ზუროსმა მოედანზე ორი მაღალი – ფაჩულია და შერმადინი შემოუშვა, რამაც გაამართლა – ის მონაკვეთი საქართველომ მოიგო და საერთოდაც ბერძენმა სპეციალისტმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე წარმართა, ლიტველთა თავკაცს დაინიუს ადომატისს ულაპარაკოდ აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო მოხსნებში 32:38, უარესი ბალანსი ჰქონდა სამქულიანებში 3:8, მაგრამ თამაში მაინც მოიგო. მოიგო გამართული, დალაგებული დაცვის ხარჯზე.
ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი დონის თამაში დაცვაში აქამდე არ უჩვენებია, რაც ცხადია ილიას ზუროსის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.
ლიტვის დამარცხება, რომელიც ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით არის ჩამოსული აბსოლუტურად ცვლის საერთო სურათს ბ-ჯგუფში და ჩვენს გუნდს აძლევს საუცხოო შანსს, რომ პლეი ოფში ბევრად უკეთესი ადგილით გავიდეს. ეს კი თავის მხრივ პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის წინაპირობაა. თუმცა, მანამდე ჯგუფური ეტაპის 4 თამაშია, რომელიც საქართველომ ასევე მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.
სექტემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს უკრაინას იოლად 75:63 მოუგო. თელ ავივში ისტორიულ შეხვედრას 400-მდე ქართველი დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უქომაგა. ქართველი კალათბურთელები ტრიბუნებიდან გაამხნევეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა.
ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):” ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, ყველა ვინც მოედანზე იყო 100% დაიხარჯა. ცინცაძის დაშავების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდათ და გარკვეულწილად გავრისკეთ იმაზე გათვლით, რომ ხვალ დასვენების დღეა და იმედია ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, წინ კიდევ 4 მძიმე მატჩია და ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანი გასვლაა. მადლობა კიდევ ერთხელ გუნდს ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის”
msy.gov.ge