„საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში” _ასე ქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა.
კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებსა და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.
პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს.
„ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა“,_ განაცხადა პავლიაშვილმა.
კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ნიადაგის ნაყოფიერების ეფექტიანი მართვის, ნიადაგის დაცვისა და მიწის ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების თანამედროვე მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრეს.
კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.