ნაურუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს – მიზეზი ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაა. თემით ახალი ზელანდიის რადიო – RNZ დაინტერესდა.
RNZ-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის მიხედვით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია. აქტის მიხედვით, მხარდაჭერა უწყდება ქვეყნებს, რომლებიც ამ ორ რეგიონს აღიარებს და ასევე, მასში საუბარია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ეკრძალებათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას არღვევს.
2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.