საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ ესტუმრა.
საქართველოს პრეზიდენტს ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია და ფუნქციები “გურია ნიუსის“ გამომცემელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “Post-ალიონის“ დირექტორმა ია მამალაძემ გააცნო.
_ 2015 წელს, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლის, უნიჭიერესი ახალგაზრდის ივლიტა ჯიბუტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, “ვერეს თაობის“ გურულმა ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით, მოხალისეობრივად შექმნეს სივრცე, რომელიც განათლების, წიგნიერების, იდეების გენერაციის და გახორციელების ადგილია. ბიბლიოთეკის შექმნაზე 25 დღის მანძილზე შრომობდნენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტიური, გულიანი ახალგაზრდები და საზოგადოებაც მათ გვერდით იდგა; წიგნადი ფონდის შევსებაში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს იყო თვითინიციატივის, სიკვდილზე გამარჯვების საუკეთესო მაგალითი. დღემდე, ამ სივრცეში ასეულობით შეხვედრა, ტრენინგი, კონკურსი გაიმართა. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყენებს ამ სივრცეს, ეს ადგილი ეგულება თავისუფლების, ნებისმიერ დროს მოსვლის და გამოხატვის თავისუფლების ადგილად. მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიაორგანიზაციის ერთ სივრცეში არსებობა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს მოახდინონ იდეების რეალიზაცია, დაგეგმონ და განახორციელონ მედიაპროექტები, გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები – სწორდ ესაა ბიბლიოთეკის უახლოესი მიზნები.
სხვადასხვა დროს, აქ, გურული ახალგაზრდები, პირისპირ შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირველ პირებს: საქართველოს პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, ოპოზიციის ლიდერებს, კულტურის, ხელოვნების წარმომადგენლებს, უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ბიბლიოთეკა დღემდე მოხალისეობრივ საწყისებზე ფუნქციონირებს – არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მის მოვლა-შენახვაზე თანხა არ დახარჯულა, _ თქვა ია მამალაძემ.
მისივე თქმით, ამ სივრცეში დაბადებული იდეების რეალიზაცია გურიის განვითარებას, მიგრაციის შემცირებას, მეწარმეობის განვითარებას ემსახურება; მაგალითად, ასეთია 2018-2019 წელს, ბახმაროში გამართული ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი “Bakhmaro Sun Set Fes“ -ი, რომელიც ტრადიციულია და ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. სამომავლო გეგმებიც საინტერესოა – მედიის მცირე მუზეუმის, გურული ვაზის პოპულარიზაციის, ტყის გაშენების, გურიაში სასმელი წყლის ვარგისიანობის, მუნიციპალური დაგეგმვის პროცესში ახალგაზრდების ჩართვის ინიციატივები.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგი მზადაა ჩაერთოს ბიბლიოთეკის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაში; ასევე, მხარი დაუჭიროს დაგეგმილ ინიციატივებს და რაც მთავარია, ხშირი კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ ახალგაზრდებთან. დაიგეგმა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრაზე დამსწრე ახალგაზრდებისთვის. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი შეპირდა ახალგაზრდებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, აუცილებლად იზრუნებს ტექნოლოგიური სიახლეების ხელმისაწვდომობისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა აქვე გააჟღერა საინტერესო ინიციატივა, რომელიც, მისივე თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა: პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც მალე უნდა გაიხსნას ჩოხატაურში, შესაძლებელი იყოს პროფესიული და ეთიკური მედიის განვითარების ხელშემწყობი სწავლების და სახელოსნოების, მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის არსებობა. ეს ინიციატივა საჭირო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
შეხვედრაზე მყოფმა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ “ივლიტას ბიბლიოთეკის“ გვერდით მდებარე ტერიტორიაზე სკვერი ახალგაზრდების მოთხოვნების და საჭიროებების მიხედვით მოეწყობა.
პრეზიდენტმა “ივლიტას ბიბლიოთეკას“ საჩუქრად წიგნები გადასცა – ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცემები, რომელთა დიდი ნაწილი ფრანკფურტის ბაზრობის კამპანიის ფარგლებში გამოიცა და თავისი ღირებულებით მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს ბიბლიოთეკისთვის.