შსს-მ საქართველოში 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტია გახსნილი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი “სადახლოს” ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.