პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა გახორციელდეს. როგორც ძაბირაძე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, საპოლიციო სისტემამ საზოგადოებაში დაკარგული იმიჯი უნდა აღიდგინოს. პოლიტოლოგი, ე.წ. საპოლიციო „რეიდების“ ფარგლებში, პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები განსაკუთრებული სიფრთხილითა და სამართლის სრული დაცვით უნდა იყოს გამოძიებული.
,,საქართველოში საპოლიციო რეიდების გახორციელებას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ, მთავარია, საპოლიციო კონტროლის დროს არც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული. დღესდღეობით, ძალიან არაორდინარულ ვითარებაში ვიმყოფებით. გავიხსენოთ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა, მუხთარლის გატაცება და ა.შ. საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს. ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დაძაბულია და შესაძლებელია, სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს, ამიტომ ვფიქრობ, ასეთი „რეიდები“ ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა ტადებოდეს. ვიცით, რომ საპოლიციო „რეიდების“ ფარგლებში დაკავებული იყო პოეტი ზვიად რატიანი, ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტი აბსოლუტურად გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული. საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის დამნაშავე. ხალხს აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს. ჯერჯერობით, პროკურატურა მასალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს,თუ რატომ, ეს ჩემთვის გაუგებარია. გუშინ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ საპოლიციო რეფორმა ერთდროულად ვერ გახორციელდება და პრობლემები ერთბაშად ვერ მოგვარდებაო. კი, ბატონო, მაგრამ რეფორმა გარდაიქმნება, მაშინ, როცა ასეთი შემთხვევები კარგად იქნება გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი იქნება დამნაშავე. საჭიროა ხალხს დავანახოთ, როგორ ისჯება ის პირი, რომელიც პროფესიულ უფლება-მოსილებას გადაამეტებს. მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით მსჯელობა არაფრის მომტანია. პოლიციამ საზოგადოებაში დაკარგული იმიჯი უნდა აღიდგინოს, რაც ასეთი შემთხვევების სამართლიანად გამოძიებითა და დამნაშავის დასჯით არის შესაძლებელი“, _ განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სულ 127 პირია დაკავებული. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულია 45 ადამიანი, მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები; სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი; ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი; ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები; ამოღებულია 54 ხელყუმბარა, 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 22 კაფსულ-დეტონატორი, 3 740 ცალი ვაზნა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სულ გადამოწმდა 52 000 -მდე ადამიანი.