ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბის ცენტრიდან 200-ოდე მეტრში, იქ, სადაც სოფელი შუაფარცხმა იწყება, სამი თვის წინ ავარიული გზა და ჭაობი იყო.
დღეს ამ ადგილზე მოასფალტებული გზა, მინისტადიონი და სკვერია, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნეს
შეიძლება თამამად ითქვას, რომ მგავსი ადგილი ჩოხატაურში ამ დრომდე არ არსებობდა _ დღეიდან კი უკვე ფუნქციონირებს კალათბურთის, ფრენბურთის და მინი-ფეხბურთის მოედანი.
აქვეა საქანელები, დასასვენებელი ადგილი და ბატუტი, რომლით სარგებლობაც, მთელი საქართველოსგან განსხვავებით, მხოლოდ შუაფარცხმაშია უფასო.
ამ სკვერის გაკეთებას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის იდეა მოსახლეობამ აიტაცა და გასული წლის ზაფხულში მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილი მიწერა _ შუაფარცხმის 40 მცხოვრები ამ წერილით სოფელში სკვერის მოწყობას ითხოვდა.
გამგეობიდან მოსული პასუხით გაირკვა, რომ გასულ წელს, მუნიციპალიტეტს პარკის მოწყობის საშუალება არ ჰქონდა და თითქოს თემაც დაიხურა. თუმცა, წლის ბოლოს, “გურია ნიუსთან” საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინება იყო და სოფლის პროგრამის გაუქმება გაუქმებულ პროექტებს არ ნიშნავდა.
ამ სიტყვების საპასუხოდ, “გურია ნიუსმა” გულედანს შუა ფარცხმელების თხოვნა გადასცა.
ამ საუბრიდან მეორე დღეს, მინისტრის მოადგილე “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და უთხრა, რომ სამინისტრო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უკვე გამოყოფილ თანხაზე, სკვერის მოწყობისთვის საჭირო თანხას დაუმატებდა, თუკი ისინი პარკს პრიორიტეტების ნუსხაში ჩასვამდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს უკვე არსებობდა პარკის მაკეტი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ არქიტექტორმა ლაშა შაფაქიძემ გააკეთა.
სამინისტროდან მიღებული პირობის შემდეგ, საქმეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო და შუაფარცხმის სკვერი პრიორიტეტების ნუსხაში მოხვდა.
ამის პარალელურად, საჭირო იყო სრულყოფილი პროექტი, რომელზეც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლაშა შაფაქიძეს მუშაობა დაწყებული ჰქონდა, თუმცა, არ არსებობდა ხარჯთაღრიცხვა.
“გურია ნიუსმა”, მოსახლეობის თხოვნით, დახმარებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დროინდელგამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს მიმართა, რომელმაც მის თანამშრომლებს ჩოხატაურელებისთვის ხარჯთაღრიცხვის გაკეთება სთხოვა.
მონდომებამ შედეგი გამოიღო _ სკვერის პროექტი სამინისტროში ორ დღეში გაიგზავნა. კახა გულედანმაც პირობა შეასრულა და მუნიციპალიტეტს 99 200 ლარი გამოეყო.
იმის გამო, რომ პროექტი ფორსმაჟორში გაკეთდა, მოგვიანებით კორექტირებაც გახდა საჭირო _ ტარიელ ბერაძის და გოგი მამალაძის დიდი დახმარებით, ლაშა შაფაქიძემ თავისი საქმე გვერდით გადადო და მალე ტენდერზე სრულყოფილი პროექტიც დაიდო.
ტენდერი შპს “გზამშენი 18”-მა მოიგო, რომელმაც სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შეასრულა:
ბეტონის კედლებში გაკეთდა იზოლაცია; სტადიონს და სკვერს უახლესი მოდელის ღობე შემოავლეს; გაკეთდა გზა, რომლის ხარჯები პროექტშიც გათვალისწინებულიც კი არ ყოფილა; დაიგო ასფალტი და მოეწყო ბორდიურები, რაც შუაფარცხმელებს სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთა შპს “გზამშენი 18”-ის დირექტორმა თემურ ჯახვამ.
შუაფარცხმელებს, ასევე დაეხმარნენ ლევან გოგოლაძე და ამირან ბასილია.
აღსანიშნავია, რომ თემურმა შუა ფარცხმელებს საკუთარი ხარჯებით ბატუტიც შეუძინა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუშაოები შეასრულა მაღალი ხარისხით, რითაც დაამტკიცა, რომ თუკი შემსრულებელი კეთილსინდისიერია, ტენდერითაც კი შესაძლებელია საქმის ხარისხიანად შესრულება!
_ მადლობის თქმა მცირეა იმასთან შედარებით, რაც ამ საქმის გამკეთებლებს ეკუთვნით. ჩვენს ბავშვებს ამ დრომდე არანაირი გასართობი არ ჰქონიათ. მსგავსი სკვერი ჩოხატაურში არ არის და გვიხარია, რომ ჩვენთან გაკეთდა პირველად.
ბატონმა თემურ ჯახვამ დიდი საჩუქარი გაგვიკეთა _ სამი თვის განმავლობაში ის და მისი თანამშრომლები დილიდან დაღამებამდე მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და საკუთარი თვალით ვუყურებდით, როგორი პროფესიონალიზმით უდგებოდნენ სკვერის თითოეულ დეტალს.
საკმაოდ დიდია იმ ადამიანების ჩამონათვალი. მთელი გულით გვინდა მადლობა ვუთხრათ. პირველ რიგში, “გურია ნიუსი” უნდა გამოვყოთ _ რომ არა ჩვენი გაზეთი, ეს სურვილი სამინისტრომდე ვერ მიაღწევდა; მადლობას ვუხდით პროექტის ავტორს, ბატონ ლაშა შაფაქიძეს _ დღევანდელ დღეს, ამ სირთულის სამუშაოს უფასოდ გაკეთება პატარა საქმე ნამდვილად არ არის; მადლობა მერაბ ჭანუყვაძეს, ადამიანს, რომელიც მაშინ ოზურგეთის გამგებელი იყო და ჩოხატაურელებს დაეხმარა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მის თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, გამგეობას და გამგებელს ირაკლი კუჭავას, მის მოადგილეებს თამაზ ჯინჭარაძეს და მინდია ჟღერიას, გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსს ვლადიმერ გოგიბერიძეს, საფინანსო სამსახურის უფროსს მაია გოგოლაძეს; და ბოლოს, დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრის მოადგილეს კახა გულედანს, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტებს დეპარტამენტის უფროსს მინდია ღლონტს _ მათ ჩვენი თხოვნა გულთან მიიტანეს და სოფელში გვაქვს ადგილი, სადაც დასვენება და გართობა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია, _ აღნიშნეს შუა ფარცხმელებმა სკვერის გახსნაზე.