,,პრობლემა ხელისუფლებაშია და ის ვერ ბედავს საპატრიარქოს უთხრას, რომ კანონი ყველასთვის ერთია“, _ ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი Facebook-ზე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.
“რკინის კედელზე მოქალაქის სასოწარკვეთილი ბრახუნი, ქართული ოცნების უკანასკნელი ხელისუფლების სიმბოლოა. ეს ხილული კედელი, სინადვილეში იმ ღრმა უფრსკულის განსხეულებაა, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს შორის, ყოველდღიურად არა, ყოველწამიერად იზრდება. იზრდება, რადგან ორივე გადარჩენისთვის იბრძვის.
ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანები თავისთვის, ხელისუფლება კი, რკინის კედლებს უკან შეყუჟული-თავისთვის. გროტესკია-ნამახვანის კედელიც, პირამოკერილი მოქალაქეებიც, კანონისგან გადამალული უპატრონო ბავშვებიც, გროტესკია ისიც, რომ სასულიერო პირები გვეუბნებიან, რომ სახალხო დამცველს მისი კონსტიტუციური ვალდებულების აღსრულების შესაძლებლობას მისცემენ თუ არა, მათი გადასწყვეტია, გროტესკია ის დამრთგუნველი სიღატაკეც, რომელიც ჩვენს გარშემო მძვინვარებს.
ამ ყველაფრის მიზეზი კი მარტივია – ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მოპარულ დროზე ცხოვრობს, ბევრ რამეს ვერ ბედავს, რასაც უნდა ბედავდეს. მაგალითად, ვერ ბედავს, ხეობიდან საპოლიციო ძალები გამოიყვანოს და დაელოდოს მედიაციის შედეგს და კონტრაქტის შეფასებას კომპეტენტური ევროპული უწყებებიდან. ვერ ბედავს, საპატრიარქოს უთხრას, კანონი რომ ერთია, ყველასთვის”- წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს.
სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
როგორც ინფორმაციაში წერია, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი)“.