4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, _ ამის შესახებ დღეს, 2 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
“ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ამ ანგარიშის მოსმენა და განხილვა”, — თქვა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს. პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.